სიმონ პატარაია

მეგობრები იხსენებენ

ათიოდე წლის წინ ისნის ბაზრობაზე ვიყავით წასულები მე და ლელა რაღაცეების შესაძენად. ბაზრობის შესასვლელთან ქალბატონი იდგა და ხელში გასაყიდი ლეკვი ეჭირა _ შავი სამეფო პუდელი. ლელას თვალები გაუნათდა, მომიბრუნდა და პატარა ბავშვივით დამიწყო ხვეწნა: _ სიმონ, ლეკვი მინდა, რა? ლეკვი ვიყიდოთ, რა?
დავიწყე ჯუჯღუნი: რა დროს ლეკვია, თაკო პატარაა, ხელს მოკიდებს, ბეწვი არ აყვეს, საშიშია… და ასე შემდეგ. მაგრამ ლელას არაფრის გაგონება არ სურდა: ლეკვი მინდა, რა? ლეკვი მინდა, რა? _ იხვეწებოდა ისევ. ის ისეთი საოცარი სანახავი იყო, უარი ვერ ვუთხარი და ვიყიდეთ პუდელი, რომელსაც დავარქვით ჰერცოგი.
ერთხელ ეზოში გასულ ჰერცოგს მანქანა დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ძაღლი ცოცხალმკვდარი გავაქანეთ ვეტკლინიკაში. ექიმმა გასინჯა ჩვენი ჰერცოგი, ნემსები გაუკეთა, რაღაც პროცედურები ჩაუტარა და გვითხრა, ახლა ყველაფერი გავუკეთე, რაც შეიძლებოდა, მაგრამ შოკშია და რომ გამოფხიზლდება, არ ვიცი, როგორ იქნებაო.
ვინ დაელოდებოდა, გამოფხიზლების შემდეგ ჰერცოგი რა მდგომარეობაში იქნებოდა? ლელამ ერთი-ორჯერ ხელებით რაღაც მანიპულაციები ჩაუტარა და რამდენიმე დღეში ჩვენი ძაღლი ისევ ძველებურად დახტოდა.
არადა, მკვდარი იყო, გეუბნებით, სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა.

*    *    *

მეორე ისტორია ჰერცოგს კოჯორში შეემთხვა.
გარეთ სანავარდოდ გასული ჰერცოგი შინ არ დაბრუნდა. ველოდეთ, ველოდეთ და რომ არ გამოჩნდა, საძებნელად წავედით. მეორე დღესღა ვიპოვეთ, ძაღლებისგან უმოწყალოდ დაგლეჯილი და უპატრონოდ დაგდებული. ისეთ დღეში იყო, გული მოგიკვდებოდათ, უკვე მწერები და მატლები დახვეოდნენ ჭრილობებზე. ვიფიქრე, ახლა კი ნამდვილად მოკვდება, ამას რაღა მოარჩენს-მეთქი, მაგრამ…
ლელამ კვლავ დაიკაპიწა ხელები, ერთი-ორი პროცედურა ჩაუტარა ძაღლს და ჰერცოგი კვლავ აღმა-დაღმა დაჰქროდა მთელი დღეები.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top