ხათუნა დვალი

მეგობრები იხსენებენ

ჩემი პირველი შეხვედრა ქალბატონ ლელა კაკულიასთან 1991 წლის მაისში შედგა. მაშინ ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ქალბატონმა ლელამ მითხრა, გოგონა გეყოლება და ბავშვი უფლის ნაჩუქარი იქნებაო. ძალიან გამიხარდა ეს ცნობა, რადგან პირველი შვილი ბიჭი მყავს, მაგრამ ვერაფრით ვხსნიდი სიტყვებს `ბავშვი უფლის ნაჩუქარი იქნება~. მათ მნიშვნელობას მაშინღა მივხვდი, როცა ჩემი ხატია ერთი თვისა ხდებოდა.
დიახ, მეორე შვილი, როგორც ქალბატონმა ლელამ მითხრა, მართლაც გოგონა მეყოლა… ჩვილი ექიმებს მშობიარობისას ხელიდან გაუსრიალდათ და, მართალია, ძირს არ დავარდნილა _ ჰაერში დაიჭირეს, მაგრამ ბავშვს ლავიწის ძვალი გაუტყდა. ჩვენ ეს მხოლოდ ორი თვის შემდეგ შევიტყეთ.
მანამდე კი… ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ხატია ცუდად გახდა. შემდეგ ყოველი კვებისას ტუჩები ულურჯდებოდა და თვალებს აციმციმებდა. დაუყოვნებლივ მივიყვანეთ ნევროპათოლოგთან. დიაგნოზი: პარანეტალური ენცეფალოპათია კრუნჩხვითი სინდრომით. მაშინვე საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და მკურნალობა დავიწყეთ. ბავშვს აძლევდნენ ლუმინალის დიდ დოზას და კრუნჩხვითი სინდრომის დროს უკეთებდნენ რელანიუმს და ფილეპსინს. სამ დღეში ბავშვი კარგად გახდა და ასე გაგრძელდა 20 დღე, მაგრამ მერე ყველაფერი განმეორდა და თანაც არა მხოლოდ ჭამის დროს, არამედ, ყოველ ერთ საათში. ხატიას ყველანაირი ანალიზი გაუკეთდა, მათ შორის კომპიუტერული კვლევაც. ყველა მონაცემის მიხედვით ბავშვის თავის ტვინის სურათი სუფთა იყო.
ხატიას ძალიან კარგი ექიმები მკურნალობდნენ, მაგრამ ბავშვი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლეოდა.  ბოლოს ექიმებმა გადაწყვიტეს, მისთვის ხერხემლიდან სითხე ამოეღოთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. მე არ ვთანხმდებოდი, ექიმები კი მაძალებდნენ, ასეა საჭიროო. მოკლედ, მთელი კვირა გრძელდებოდა ჩვენი ჭიდილი… ბოლოს ერთმა პროფესორმა პირდაპირ მომახალა, თუ ბავშვს სითხეს არ ამოვუღებთ, დებილი იქნებაო. პარალელურად, ჩემს ზურგს უკან ექიმები ჩემ და ჩემი მეუღლის მშობლებს ხატიას საავადმყოფოში დატოვებაზე უთანხმდებოდნენ. მე განუწყვეტლად ვტიროდი… მეტი უკვე არაფერი შემეძლო… და უცებ ლელა კაკულიას ნათქვამი სიტყვები გამახსენდა: `შენი გოგონა უფლის ნაჩუქარი იქნება!~ მაშინვე მასთან წავედი…
ქალბატონ ლელას რჩევა ვთხოვე სითხის აღების თაობაზე, რაზეც მან მიპასუხა: `სითხე შეგიძლიათ აუღოთ, მაგრამ ეს არავითარ შედეგს არ მოიტანს. საქმე ისაა, რომ რა დიაგნოზიც დაუსვეს, ბავშვს ის დაავადება არ აქვს!~ საბოლოოდ ქალბატონმა ლელამ სასტიკი უარი თქვა სითხის აღებაზე. დაგვამშვიდა, ბავშვს არაფერი ჭირს საიმისო, რომ დებილი იყოს, ექიმები ორი კვირის შემდეგ გამოგიშვებენ საავადმყოფოდან, რადგან ვერაფერს გაარკვევენო და დასძინა: `ბავშვი ალერგიულია. არასწორი მკურნალობა შეიძლება საბედისწერო გამოდგეს მისთვის. მე ჩავერევი ამ პროცესში, ჩემი ენერგიით დავეხმარები!~
წამოსვლისას ქალბატონმა ლელამ დამისახელა კონკრეტული სააათები, როცა ხატიას შეტევები ექნებოდა და გამაფრთხილა, დამერეკა მასთან სწორედ ამ დროს. მისი სიტყვებით, ამით ყველაფერი დამთავრდებოდა და ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდებოდა.
მართლაც ასე მოხდა. ბავშვს ზუსტად დასახელებულ საათებში დაემართა შეტევა _ კრუნჩხვები და ამით დასრულდა მისი ავადმყოფობა…
შემდეგ ხატია ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად დაგვყავდა ქალბატონ ლელასთან. პირველად რომ მივიყვანეთ, ის მხოლოდ ერთი თვისა იყო და რეაქცია საერთოდ არაფერზე ჰქონდა, ქალბატონი ლელას დანახვაზე კი ხმამაღლა გაიცინა.
ერთი წლის შემდეგ ლელა კაკულიამ ბრძანა, რომ ხატიას მისი ჩარევა აღარ ჭირდებოდა…
1992 წლის ზაფხულში ბავშვი ნევროპათოლოგთან მივიყვანეთ. მან გვითხრა, მე თვითონ რომ არ დამეწერა ხატიას ავადმყოფობის ისტორია და მოწმე არ ვიყო მისი მკურნალობისა, ვიტყოდი ეს ბავშვი ყოველთვის ჯანმრთელი იყოო.
კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ:
ქალბატონ ლელას ვთხოვე, რაიმე ეთქვა ერთ ჩვენს ახლობელზე, რომელიც საზღვარგარეთ გაემგზავრა და წარმოდგენა არ გვქონდა, რომელ ქვეყანაში, რა ვითარებაში იმყოფებოდა. ქალბატონმა ლელამ თქვა, რომ ის გერმანიაში იყო და ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებიც ამ პიროვნებას შეექმნა უცხოეთში. ეს ყველაფერი ცალკე ფურცელზე ჩავიწერე…
შინ დაბრუნებულმა დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ტელეფონზე საუბრობდა… ეს ჩვენი დაკარგული ახლობელი რეკავდა გერმანიიდან. საუბარს რომ მორჩა, მიამბო ყველაფერი, რაც ამ ჩვენს მეგობარს თავს გადახდა და რა პრობლემებიც შეექმნა. მე მას ლელა კაკულიასთან ჩაწერილი ფურცელი მივაწოდე, რომელზეც სიტყვა-სიტყვით ეწერა ტელეფონით მოსმენილი ყველა პრობლემა და ისიც, რით დამთავრდებოდა გერმანიაში დაწყებული საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ქალბატონი ლელას გარდა, არავინ იცოდა. საბოლოოდ ყველაფერი მართლაც ისე დასრულდა, როგორც ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top