ნინო ჭუმბურიძე

მეგობრები იხსენებენ

ქალბატონი ლელა 1991 წელს გავიცანი. თბილად მიმიღო. დამშვიდობებისას მითხრა, შენი მეუღლე მოვიდეს ჩემთანო. ბადრი არც დაფიქრებულა, რამდენიმე დღის შემდეგ ვესტუმრეთ და… იგი თითქმის ოჯახის წევრად გვექცა. ქალბატონმა ლელამ ბადრის უთხრა, რომ ისინი და-ძმა არიან წინა ცხოვრებიდან და მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ისეთი სითბო, გულიანობა და ჭირისუფლობა, რასაც ქალბატონი ლელა ბადრისა და მისი ოჯახის მიმართ იჩენს, ნებისმიერ და-ძმას შეშურდებოდა. გარდა გარეგნული მსგავსებისა ისინი სულიერადაც უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.
ქალბატონი ლელას საოცრებებიდან რამდენიმეს გავიხსენებ:
ერთხელ ანანურში წავედით მეგობრები. ბიჭებმა ჟინვალზე თევზაობა მოიწადინეს. ისინი გაიფანტნენ და ისე შეუდგნენ საქმეს. არ გასულა 10-15 წუთი, ქალბატონმა ლელამ ჩემ მეუღლეს დაუძახა, მანდ თევზს ვერ ვხედავ, აქეთ გადმოინაცვლეო. ბადრის გაუკვირდა, რადგან ქალბატონი ლელა ისეთ ადგილზე მიუთითებდა, რომელიც ხალხით იყო სავსე _ იქვე, ტბის ნაპირას _ მაგრამ დაემორჩილა და… მალე თევზით სავსე ბადე აღმოაჩინა, რომელიც წინა დღეებში მეთევზეებს დაეტოვებინათ. ჩვენ გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ყოველგვარი წვალების გარეშე გვარიანად ვიქეიფეთ და მოვილხინეთ.
ბავშვი გაგვიხდა ავად. შუაღამისას გაგვაღვიძა მისმა ხველამ, სულს ძლივს ითქვამდა. ტუჩის გარშემო მკვეთრად გამოხატულმა ციანოზმა ისე შემაშინა, რომ მეუღლეს ვუთხარი, სასწრაფოდ ქალბატონ ლელას დაურეკე-მეთქი. ბადრის საუბარი ჯერ არ დაემთავრებინა (მესმოდა, როგორ გვაწყნარებდა ქალბატონი ლელა, ახლავე ყველაფერი მოეხსნებაო), რომ ბავშვი დაწყნარდა, ხველა შეუწყდა, სახის ფერი გამოუკეთდა. მედიცინის კუთხით ამ ყველაფრის ახსნა მიჭირს.
ბადრი რაიონში იყო წასული. იმ დღეს არ ველოდი. არეული დრო იყო, ქვეყანა საღამოობით ცხოვრებას წყვეტდა.
ღამის რვა საათი იქნებოდა, ქალბატონმა ლელამ დამირეკა და მკითხა, როგორ ხართ, ბადრი სად არის, უარყოფით იმპულსებს ვღებულობო. ავფორიაქდი, ვუთხარი, ბადრი რაიონშია და ვნერვიულობ-მეთქი. ნუ გეშინია! სადაცაა, სახლში შემოვა. დაელოდეო, მითხრა. ოჯახში დამხმარე ქალი მყავდა, რომელსაც ვუამბე ქალბატონ ლელას ნათქვამი. მან დამტუქსა: ექიმი ქალი ხარ, ჭკვიანი და ასეთი სისულელეები როგორ გჯერაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, კარზე ზარი გაისმა… ბადრიმ თქვა, რომ გაუთვალისწინებლად წამოსულიყვნენ, მანქანა კასპის მიდამოებში გაფუჭებოდათ, სადაც კაცის ჭაჭანება არ იყო. ორი საათი ტყის პირას ყოფილან გაჩერებულები. ბოლოს ბადრი მილიციის მანქანას გამოყოლოდა, რომ სხვა მანქანა ჩაეყვანა და ახლობლებს დახმარებოდა.
ჩვენს მანქანას სიგნალის კოლოფი ჰქონდა გაფუჭებული. ერთხელ ქალბატონი ლელა დაჯდა საჭესთან და როცა დაჭირდა, მშვენივრად გამოიყენა სიგნალი _ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასიგნალებდა.
ერთ საღამოს ქალბატონმა ლელამ გვითხრა, მშვენიერ ხასიათზე ვარ, რაც გინდათ მკითხეთო. ჩვენც ვკითხეთ, კიბოს წამალი რაშია-თქო?  ქალბატონმა ლელამ თქვა, მცენარეს ვხედავ _ წყალმცენარესო… ერთი წლის შემდეგ მსგავსი ვერსია იაპონელმა მეცნიერებმაც წამოაყენეს…
ორი წლის წინ ავად გავხდი. ძალიან მტკიოდა ყელი, მიჭირდა ყლაპვა, ლაპარაკი. ვმკურნალობდი მე-9 საავადმყოფოში, შემომთავაზეს ოპერაციაც. ქალბატონმა ლელამ ათი სეანსი ჩამიტარა… იმ პერიოდში უეცრად გარდაიცვალა მამაჩემი. ქალბატონმა ლელამ მითხრა: `იშვიათად მივმართავ ამ ხერხს, როცა ჭადრაკის მსგავსად ერთი პაიკის შეწირვა გვიხდება მეორის გადასარჩენად… თუმცა შენ ამას ვერ გაიგებ!~
ერთი რამ ფაქტია: მეორე წელი სრულდება, რაც თავს კარგად ვგრძნობ.
ერთხელ ქალბატონ ლელას ჩემი დეიდაშვილის შესახებ ვკითხე. მან მითხრა, როდის და ვის გაყვებოდა იგი ცოლად. ეს ინფორმაცია დედაჩემს გადავეცი. ერთი წლის შემდეგ ქალბატონმა ლელამ იგივე გაუმეორა დეიდაჩემს, კიდევ ექვსი თვის მერე კი პირადად ჩემ დეიდაშვილს. გავიდა კიდევ ერთი წელი და ყველაფერი დაწვრილებით ასრულდა.
ბადრიმ აფხაზეთში საომრად გადაწყვიტა წასვლა და მანამდე ქალბატონი ლელა მოინახულა. მან ფრონტის ძირითადი მოვლენები წინასწარ უამბო ბადრის და თან გაამხნევა: მარტო შენ კი არა, ვინც შენს გვერდით და გარშემო იქნება, თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდებაო.
შემდგომში ჩემი მეუღლე გაოცებული გვიამბობდა სოხუმის ამბებს: არამც თუ დაღუპულა ვინმე ჩემ ირგვლივ, არც კი დაჭრილა ვინმეო! მოგეხსენებათ, ასობით ადამიანზეა საუბარი.
დაბოლოს: ნებისმიერ სკეპტიკოსს  ვურჩევდი, ჯერ თავად დარწმუნებულიყო ლელა კაკულიას შესაძლებლობებში და მერე განესაჯა. მე მას ჩვენი დროის უძლიერეს ნათელმხილველად მივიჩნევ და მხოლოდ ნოსტრადამუსს თუ შევადარებდი.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top