ჯიმი სხირტლაძე

მეგობრები იხსენებენ

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად უცნაურად გავიცანი ლელა კაკულია..
1991 წლის ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ჩემი დიდი ხნის ნაცნობი მარინა გიორგაძე და მეუბნება, თუ გინდა, მოდი ჩვენთან და ძალიან საინტერესო ნათელმხილველს გაგაცნობთო. მე ეს ნათქვამი ცოტა შორს დავიჭირე. რაღაც მოვიმიზეზე და სხვა დროისთვის იყოს-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ მარინამ არც აცია, არც აცხელა და ტელეფონი პირდაპირ ქალბატონ ლელას მიაჩეჩა. იგი მომესალმა და მითხრა: მარინასგან თქვე=ნზე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ თქვენში სიბოროტის ნასახიც რომ იყოს, ახლოსაც არ გაგეკარებოდიო.

მერე თავაზიანად მთხოვა, ბოლომდე მომესმინა და დაიწყო. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! შეჰყვა და მე გაოგნებისგან მუნჯივით  ვუსმენდი უცნობი ქალბატონის ხმას. თავიდან დავუშვი, რომ ჩემს ოჯახურ და სამსახურებრივ მდგომარეობაზე მას შეიძლებოდა მარინასგან გაეგო, მაგრამ მერე და მერე ისეთ დეტალებში დამიხატა ყველა და ყველაფერი ჩემს გარშემო, რომ შეუძლებელი იყო, ჩემს გარდა, ვინმეს ცოდნოდა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, კარგად გამხვითქა. მერე მომავალს გადაწვდა. თქვა, ფერმას ვხედავო; მე დავაკონკრეტებინე: საკუთარ ფერმას ვხედავო. მაშინ ასი სული ცხვარი მყავდა. ვიფიქრე, ალბათ, ამაზე მეუბნება-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, იუარა, შენს ცხვარს მომავალში საერთოდ ვერ ვხედავ; ფერმა კი გექნება და ძროხებიც გეყოლებაო. შვილებზე თქვა: გოგო ამერიკაში წავა და იქ თავს დიდ საზოგადოებაში დაიმკვიდრებს, შეიძლება პრემიაც დაიმსახუროსო; ბიჭზე მითხრა, სხვაგან ისწავლის და მერე საზღვარგარეთის გზა ეხსნებაო.
ისე აგიხდეთ ყველა სურვილი, როგორც მე ეს ამიხდა! ჩემი გოგონა უკვე ოთხი წელია ამერიკაშია, ბიჭმა მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და ახლა სტაჟირებაზეა, უცხოეთში წასასვლელად ემზადება. რაც შეეხება ცხვარ-ძროხას, აქ ასეთი რამ მოხდა: 1992 წელს მე ჩემ თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთში, სოფელ ლაბრასთან ომებში ვიღებდი მონაწილეობას. თბილისში რომ ჩამოვედი, გავიგე, ჩემი ცხვრის ფარა სიცივისგან მთლად დახოცილიყო. რახან ქალბატონი ლელას ეს ნათქვამი ასე ზუსტად ამიხდა, გადავწყვიტე, მისი ხათრით საქონელი მეყიდა. მივდექ-მოვდექი და რამდენიმე ხანში ექვსი ბოჩოლა ვიყიდე. მერე ერთ თიანეთელ კაცს შევუამხანაგდი და ახლა ორივეს 48 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს. გვაქვს საკუთარი ფერმაც.
პირველივე სატელეფონო საუბრის შემდეგ პირადად გავიცანი ქალბატონი ლელა. მერედამერე დავუახლოვდი კიდეც. ახლა შემეხმიანება, რომ დამაგვიანდება; მირეკავს ხოლმე, მოდი რა, არ გინდა, ენერგია მოგცეო?
ვინც რა უნდა თქვას, მე ნამდვილად ვგრძნობ რაღაც ძალის მოზღვავებას მასთან ურთიერთობის შემდეგ. მან ასე იცის საერთოდ, თუკი გიწამა და მისი ხედვის არეში მოხვდი, მერე თავზე დაგფოფინებს, გიფრთხილდება.
სხვა?
სხვა რა ვთქვა კიდევ. მისი პოლიტიკური წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი ჩემ თვალწინ ახდა. რომელი ჩამოვთვალო? გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა თუ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა და მისი პრეზიდენტობა, კიტოვანის ცუდი ბედი თუ გვენცაძის უა დგილობა… მეც მეუბნებოდა, ადგილს იცვლი, ჰორიზონტალურად მოგანაცვლებენო. მახსოვს, ეს ერთ ორშაბათს მითხრა, ოთხშაბათს კი მართლაც გადამაადგილეს ჰორიზონტალური მიმართულებით.
როცა წინასწარმეტყველებს, ხშირად ვაკვირდები ხოლმე ქალბატონ ლელას. შემიმჩნევია, როგორ იწვის მთლიანად, როგორ იძაბება. ეს მომენტი განსაკუთრებით მის თვალებზე აისახება. ამ დროს მისი თვალები საოცრად მეტყველი ხდება.
კიდევ ერთ თვისებას გამოვყოფდი მისას: უკეთურებს და არაკაცებს ახლოსაც არ იკარებს. გამორიცხული არაა, რომ მავანნი და მავანნი რაღაც მაქინაციებით მასთან მოხვდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. თანაც, ქალბატონი ლელა დახმარების ნაცვლად პირიქით, რაღაც კორექტივას უკეთებს მათ. ისე, არის რაღაც ნიუანსები, როცა ლელა იძულებულია რაღაცას გაუწიოს ანგარიში. ჩვენთვის, საქართველოს დღევანდელობის მაყურებლებისთვის, ეს მომენტი უცხო როდია. თუმცა ყველაფერი ეს მთლიანობაში უმნიშვნელოა, რეალობა სულ სხვაა _ ქალბატონი ლელა კაკულია სიკეთის მსახურად არის მოვლენილი.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top