ხილვები მეტეხის ეკლესიაში

ზეციური ხედვები

2000 წელი, 13 მარტი, 
მძიმე მარხვის პირველი დღე.

3 საათსა და 30 წუთზე დაიწყო წირვა მეტეხის ეკლესიაში. წირავდა სამი მღვდელი. მამა აკაკიმ დაიწყო წირვა. მე მის გვერდით ვიდექი. თვითონ ისურვა ასე და არც შემცდარა.
დგომით დავიღალე. მამა აკაკიმ მოითხოვა, სკამი მოეტანათ და იქვე დადგა. დავჯექი და ამოვისუნთქე. ხალხში მარტო მე ვიჯექი. დავწყნარდი საოცრად, დაღლილობამ გამიარა. გავიხედე წინ, ღვთისმშობლის ხატისკენ და საოცარი ხედვა გამეხსნა: ეკლესია მოიხატა ხატებით, აფერადდა და გალამაზდა, ღვთისმშობლის ხატი იღიმებოდა. უნებურად ლოცვა აღმომხდა: `შენ უშველე, უფალო, საქართველოს და ჩემს ხალხს, მსოფლიო ხალხებს; მიეც მათ ძალა და გონება, რათა თაყვანი გცენ შენ და სარწმუნოება იგი ჩვენი ქრისტიანეთა არა გაცვალონ ურწმუნოთა სიმდიდრეზე და არა გაებან ეშმაკისაგან დაგებულ მახეში.
მიეც ძალა და სიდიდე, ღვთიშობელო მარიამ, მამა აკაკის და ამ კეთილ მღვდლებსაც, რათა აღასრულონ თვისი საქმე უფლის ლოცვა-კურთხევითა და მათი პირიდან ია და ვარდი იკმეოდეს და საოცარ ძალას გამოსცემდის, ღვთიშობელო, რათა ხალხის რწმენა გამყარებულიყოს და მათ გულებში მხოლოდ მამისა და ძისა და სული წმიდის გარდა, სხვა არაფერი ჩასახულიყოს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

2000 წელი, 15 მარტი, დღის 12 საათი.

მეტეხის ეკლესიაში ვიყავი დილის 8 საათზე წირვაზე. ისევ ვიხილე ღვთისმშობელი მარიამი და ის, რასაც ახლა გადმოგცემთ:
“შაჰ-აბასი და მისთანნი ყოველთვის უპირისპირდებოდნენ საქართველოს, ქრისტიანებს ომს უცხადებდნენ ურჯულონი. მათში ეშმაკის ძალა და ხელი იყო, რომელიც ქრისტეს ებრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. ღვთისმშობლის ქვეყანა ასე ადვილად დასაპყრობი არ იყო და არც მომავალში იქნება. დღეს მომრავლებული სექტები – იეღოველები, ვაჰაბიტები და სხვანი, საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებენ. მათ მალე დაატყდებათ ღვთის რისხვა და აღიგვებიან  პირისაგან მიწისა და გაბრწყინდება ჯვარი უფლისა, ჯვარი ქრისტიანეთა და დაითრგუნება იგი სატანა. მისი დიდი არმია ვერას გახდება. ისინი უკუიქცევიან და ჯოჯოხეთის ცეცხლში შთაინთქმებიან!
დედამიწაზე კი სანთელ-საკმეველის სუნი იფრქვევა. ღვთისმშობლის ხატის წინ ბევრი ქართველი მოიდრეკს მუხლს – მართლმადიდებელი ქრისტიანნი და არა იეღოველნი ან სხვანი. ბევრი მოინანიებს და ილოცებს ქრისტესა და უფლის სადიდებლად, ტაძრებისკენ მიმავალ გზებს ია და ვარდი მოეფინება, მზითა და სიყვარულის სითბოთი გაიჟღინთება სრულიად საქართველო. ამინ!”
აი ეს არის ღვთისმშობლის ნათქვამი, რაც მოვისმინე და ვიხილე წირვაზე.

2000 წელი, 17 მარტი, დღის 5 საათი.

ისევ მეტეხის ეკლესია, მამა აკაკი, ვუმზერ ღვთისმშობელს. წირვა დაიწყო და მეც გამეხსნა ხედვები. ისევ ღვისმშობელი და მისი ხმა: “მიყურე, ლელა, და თქვი, აუცილებლად თქვი, იცოდე: მესევიან ყოველი მხრიდან ურჯულონი, მტანჯავენ, ცეცხლიანი მახვილი მოაქვთ”.
შევნიშნე, ღვთისმშობელი ტიროდა თითქოს. ისევ ხმა: “ბევრი თანამდებობის პირი იეღოველი გახდება, ბევრი მხარს დაუჭერს ურჯულოებს და მათ პოლიტიკას გაატარებს. ისინი კრავის ტყავში გახვეულ ეშმაკებს ემხრობიან. უგუნურნი! არ უწყიან, რას სჩადიან, მაგრამ დრო განკითხვისა აქვეა, ახლოსაა რისხვა უფლისა ჩვენისა – მამა ღმერთისა! გამოჩნდება ცაზე ნათელი, თეთრი, მოელვარე სხივი, გადაკვეთს ზეცას და ვაი ურჯულოთ, რომელნიც დაეცემიან და განიგმირებიან ღვთის მახვილისაგან. მათი მილიონიანი არმია და ეშმაკთა ბანაკები დაიბუგება და დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში.
დღეს ჩვენი მეფე დიდ პოლიტიკას თამაშობს და ხელს არ უშლის ეშმაკებს; არც ეხმარება, არ სურს რომ არადემოკრატად მონათლონ. ამ ეშმაკთა ქვეყნის მეფეები სჭირდება, მაგრამ მოვა დრო, როცა თვითონ გამწარდება და მიხვდება, რომ ეშმაკთან უმოქმედობა საშიშია და ღვთის ნებით მახვილს აღმართავს და მაშინ მოეღება ბოლო ეშმაკთა ბოგინს საქართველოში”.
ვხედავ, დიდი, თეთრი ჯვარი აღიმართა საქართველოს თავზე, ნელ-ნელა აიწია და განათდა მთელი საქრისტიანო, მთელი საქართველო. ამინ!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top