დავით კვირკველია

ცნობილი ადამიანები

ამ წერილის შესავლის გაკეთება ისე გამიჭირდა, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ დამეწეროს. ლამის მთელი დღე მოვუნდი იმაზე ფიქრს, როგორ წარმედგინა მკითხველისთვის ჩვენი დღევანდელი სტუმარი დავით კვირკველია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსიკის სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივი, მაინც ვერ მოვძებნე ისეთი ეპითეტები, რომლებითაც შევძლებდი მკითხველისთვის სრულყოფილად დამეხასითებინა დათო. უნდა ვაღიარო: კიდევ ერთხელ დავმარცხდი სიტყვებთან ჭიდილისას; კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ მსგავსი მცდელობა ჩვენი ნაცნობობის ორი წლის მანძილზე არაერთხელ მქონია და ყოველთვის უშედეგოდ.
გულწრფელად ვამბობ: ძალიან ძნელია, სახელი დაარქვა დავით კვირკველიას ქალბატონ ლელასადმი დამოკიდებულებას. ეს რაღაც ზებუნებრივი ერთგულება, თაყვანისცემა, კრძალვა, მოწიწება, გნებავთ _ თვითშეწირვაა, რომლის მსგავსი მანამდე არც მინახავს და არც მსმენია. ეს ის შემთხვევაა, როცა ფრაზა `შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ!~ აზრს კარგავს.
ერთხელ ქალბატონ ლელასაც კი `შევჩივლე~, ვერადავერ მომიხერხებია დათოს დასახასიათებლად საჭირო სიტყვების მოძებნა-მეთქი. წინასწარმეტყველმა თავისი დიდრონი, ცისფერი თვალები წამიერად მიაპყრო სივრცეს და მითხრა: `დავითი ჩემი მიწიერი დასაყრდენია!~
ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩემის მხრივ, უბრალოდ დავძენ, რომ დათომ სამყაროში ყველაზე უკეთ იცის, სინამდვილეში ვინაა ლელა კაკულია და, როგორც ერთხელ თამარ ჭოხონელიძემ მითხრა, ზუსტად იცის, ვის ემსახურება და წირავს თავს; დათომ იცის ყველა წინასწარმეტყველება, ყველა ფაქტი, რაც უნდა მოხდეს ბევრად ადრე; მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არსად არაა ჩაწერილი და ისეთებიც, რომლებიც გაზეთის რედაქტორისთვისაც კი, რომელსაც უფლება აქვს ჩაიხედოს ქალბატონი ლელას ხელნაწერებში, მიუწვდომელია. აქედან მარტივად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმაზე, რაოდენ დიდია თავად წინასწარმეტყველის ნდობის ხარისხი მისდამი.
თავად დათო კი დაუღალავად იმეორებს: `მე გახლავართ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მდიდარი ადამიანი!~


`უკვე მეათე წელია, ყოველდღიურად ვხდები მომსწრე ლელა კაკულიასთან დაკავშირებული აუარება სასწაულისა, რომელთა ჩამოთვლას არანაირი დრო არ ეყოფა; უკვე მეათე წელია, ყოველდღიურად ვხდები მოწმე წინასწარმეტყველების წარმოთქმისა და შემდეგ მათი ასრულებისა, რადგან ლელა კაკულიას მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა წინასწარმეტყველებაა და ის უცილობლად სრულდება ყოველდღიურად.
ჩემი საგაზეთო წერილით მსურს ვამცნო კაცობრიობას ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველური და ნათელმხილველური ღვთიური ნიჭის შესახებ; მსურს ადამიანებმა გაიგონ (განსაკუთრებით კი მისმა ძალიან ახლობლებმა), თუ რაოდენ ბედნიერნი არიან, რა მადლს ფლობენ და როგორ ახლოს დგანან უფალთან ქალბატონ ლელას მეშვეობით; მსურს კარგად გააანალიზონ და სწორად შეაფასონ მათ ეს მიღწევა ცხოვრებაში.
ძალაუნებურად ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ქალბატონ ლელასთან სტუმრად მოსვლის უფლებით სარგებლობენ და ვასკვნი, რომ მათი უმეტესობა (მცირე ნაწილის გამოკლებით), დიდი ქალბატონისგან რჩევა-დარიგების მიღებით გათამამებული, არც კი ფიქრობს, ვერც კი ხვდება, რომ ლელა კაკულიასთვის დასმულ კითხვებზე მათ თვით უფალი პასუხობს! დიახ, ქალბატონ ლელა კაკულიას _ ქართველ წინასწარმეტყველს, თავად უფალი, ღმერთი ჩვენი და ყველა წმიდანი კარნახობენ სათქმელს და სწორედ ამიტომ, მას შეუძლია აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცეს ეჭვმიუტანლად მართალი პასუხი (სხვა საკითხია, თუ რამდენად მზად არის ესა თუ ის ადამიანი ამ პასუხის მისაღებად. ამიტომაცაა, რომ ქალბატონი ლელა საკმაოდ მოზომილად აწვდის ინფორმაციას მრავალთ).
დიდ ქართველ ქალბატონს, უფლის დაშვებით, აქვს უნარი, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დადგეს ღმერთისა თუ ნებისმიერი წმიდანის პირისპირ, თვალებში უცქიროს და ესაუბროს მათ, სწორედ ისე, როგორც ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი ვესაუბრებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ლოცვისას ყველა ქრისტიანი ეჩურჩულება უფალს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვიგებთ, რას გვეუბნება, რას გვპასუხობს იგი; ისიც დანამდვილებით ვიცით, რომ იესო ჩვენ შორის დააბიჯებს, მაგრამ ვერავინ ვხედავთ მას ქალბატონი ლელას გარდა. რასაკვირველია, არის შემთხვევები, როცა საეკლესიო მსახურთ აქვთ ხილვები, ოღონდ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა თავად უფალი ან რომელიმე წმიდანი ინებებს ამას. დიდება და მადლობა უფალს, მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის დიდი სხვაობაა! თუმცა აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ წინასწარმეტყველის უფალთან საუბარი დიდი სულიერი და ფიზიკური დაძაბვის, წნევების ვარდნისა და უამრავი სხვა სიმძიმის გადალახვის ხარჯზე ხდება. ეს ყოველივე ადვილი სულაც არ არის, ჩვენთვის კი საერთოდაც შეუძლებელია და მიუწვდომელი.
წინასწარმეტყველი ხშირად ახსენებს სიტყვას `ენერგია~, რომლის მნიშვნელობა ძალიან ბევრმა, ალბათ, არ იცის და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს მისი გაცემა, თუმცა აქტიურად კი ითხოვენ ლელა კაკულიასგან ამ ენერგიას. როდესაც ქალბატონი ლელა ვინმეს ენერგიას აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მავანს მიებოძება წინასწარმეტყველისთვის უფლისგან მინიჭებული უდიდესი მადლისა და წყალობის ნაწილი; მადლისა, რომლის მიღებასაც მთელი საქრისტიანო შენატრის: პატრიარქები, მღვდელმთავრები, პატიოსანნი მღვდელნი, სამონაზვნო წესნი, ქრისტესმიერ დიაკონნი და ჭეშმარიტი ქრისტიანნი. ისინი ოცნებობენ ამაზე და ღებულობენ კიდეც დამსახურებისაებრ დიდი შრომის ფასად, წირვა-ლოცვაზე ბოლომდე დგომით, მარხვების დაცვით, აღსარება-ზიარების მიღების შემდგომ.
ამ უდიდეს მადლს, უფლისაგან მიღებულს, ქალბატონი ლელა უხვად გასცემს. `მოგცემ ენერგიას და შენ შეძლებ პრეზიდენტობასა და ქვეყნის მართვას!~ _ ეუბნება ქალბატონი ლელა სხვადასხვა სახელმწიფოთა მომავალ პრეზიდენტებს; `მოგცემ ენერგიას და გათავისუფლდები ავადმყოფობისგან!~ _ ეუბნება იგი სხვადასხვა სნეულებითა და დაავადებით დაბრკოლებულ ადამიანებს და ამ უდიდესმა ქალბატონმა, რომელსაც უბრალოდ ლელა კაკულია ჰქვია, არაერთ მომაკვდავს აჩუქა სიცოცხლე უფლის ნებით. მექანიზმი კურნებისა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემდეგნაირია: ქალბატონი ლელა `ართმევს~ სნეულს დაავადებას, ანუ საკუთარ სხეულში გადააქვს იგი და ამის შემდეგ იწყებს ბრძოლას ავადმყოფობასთან. ხშირად ეს ბრძოლა ძალზე ხანგრძლივია და მძიმე, დამღლელი და გამთანგველი. სამაგიეროდ ამ გზით ქალბატონ ლელას ხალხისთვის ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე, ჭეშმარიტი იმედი და წარმატება მოაქვს. და ასეთები მრავლად არიან. მის მიერ გამოჯანმრთელებული, გაჯანსაღებული, გადარჩენილი და ჭეშმარიტ გზაზე დაყენებული ადამიანების რაოდენობა ნებისმიერი ქვეყნის არმიას შეშურდებოდა. ისინი, ვინც გულით მადლობელნი არიან ლელა კაკულიასი, ამ მადლს შეირგებენ, ხოლო უმადურნი (მათ სიმცირეს, სამწუხაროდ, არ ვუჩივით) კარგავენ მას და მერე რატომღაც (სრულიად გაუგებრად) კიდევ უკმაყოფილონი არიან საკუთარი ცხოვრებით.
ქალბატონი ლელას ჩვევია ჩუმად, უთქმელად, უხმაუროდ აკეთოს სიკეთე; ხშირად არც ამხელს, რომ ვინმეს ჯანმრთელობასა თუ სხვა სატკივარზე იწყებს ზრუნვას. ამას მხოლოდ იმით ვხვდებით, რომ ის, რბილად რომ ვთქვათ, შეუძლოდ ხდება. ამიტომაც თქვენი მონა-მორჩილი, ვცდილობ, მასთან არათუ ვახსენო საკუთარი პრობლემები, არც კი შევიტყო რაიმე. თუმცა, უშედეგოდ. ლელა კაკულიას არაფერი ეპარება და ამიტომ ჩემი ნათესავების სხვადასხვა სირთულის ოპერაციებში უჩემოდ, დაფარულად ერთვება. ნამდვილად არ ვიცი, ასეთ ადამიანს მადლობა რით უნდა გადავუხადო. მუხლმოყრილი ვილოცებ მისი კეთილდღეობისათვის ცხოვრების ბოლომდე! მადლობა უფალს ამ შეძლებისათვის.
აქვე ერთი რამაც მინდა აღვნიშნო: ხშირია შემთხვევა, როცა ქალბატონი ლელა მავანის კითხვაზე, ბიზნესსა თუ კარიერაში წარმატება-წარუმატებლობის თაობაზე, დადებით პასუხს იძლევა. გგონიათ, ეს ყოველთვის ასეა განსაზღვრული ბედისწერით? არა, ბატონო, არა! უბრალოდ, ლელა კაკულია მათ საქმეში საკუთარ ენერგიას `დებს~ და კრახისთვის განწირულ წამოწყებას მოგებიანად აქცევს ხოლმე. და ესეც ჩუმად, უთქმელად, დამადლებისა და სამაგიეროს მოლოდინის გარეშე.
გაზეთის წინა ნომერში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქე, ჭეშმარიტი ქართველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი _ პროფესორი ამირან ტაკიძე წერდა, ქალბატონ ლელასთვის ყოველივე ამქვეყნიური ხილულია და, ვინ იცის, იქნებ იმქვეყნიურიცო. მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ მე _ დავით კვირკველიამ, ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა! სწორედ ამიტომაც არ უყვარს ქალბატონ ლელას სასაფლაოზე სიარული. იგი ნათლად ხედავს ყველას და ყველაფერს ჩვენ ირგვლივ _ ხილულსა თუ უხილავს და ეს იმდენად მძიმეა, იმდენად რთული, რომ... მოკლედ აგიხსნით: ჩვენ რომ ნათელხედვის ნიჭი გვქონდეს და მიცვალებულებს ვხედავდეთ, საკუთარი მშობლის საფლავზეც არასდროს მივიდოდით.
ქალბატონმა ლელამ კარგად უწყის, რა ხდება ცათა სასუფეველში, ვინ სად ცხოვრობს ან რა მდგომარეობაში არიან მთავარანგელოსნი, სერაფიმნი და ქერუბიმნი, როგორია მთელი კოსმოსის მოწყობა, რა განზომილებაში არიან ჩვეულებრივი ადამიანები, შეუძლია დაადგინოს, სად მოხვდება კონკრეტული ადამიანი მომავალში და ვინ დახვდება მას კართან.
დიდ ქალბატონს, უფლის ნებით, შეუძლია გვითხრას, ათი და მეტი თაობის წინ ვინ იყვნენ ამათუიმ ადამიანის წინაპრები, რას წარმოადგენდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რას საქმიანობდნენ და ა.შ. ასევე შეუძლია გვამცნოს ვინ იქნებიან ჩვენი შთამომავლები ათი თუ მეტი თაობის შემდეგ, განსაზღვროს, რა თანამდებობებს დაიკავებენ, როგორ იცხოვრებენ.
ქალბატონი ლელასთვის სირთულეს არ წარმოადგენს, ნამყოსა თუ მყოობადში, დაადგინოს ნებისმიერი სახელმწიფოს (რომლის დასახელებაც, შესაძლოა, მოცემულ მომენტამდე არც სმენოდა) მომავალი, მისი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ომები, ბუნებრივი კატასტროფები (ღმერთმა დაიფაროს ყველა ერი ასეთი მოვლენებისგან!) და საერთოდ ყველა საკითხი, რომელიც ადამიანის გონებაში გაიელვებს, იქნება ეს მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, განათლება, ბიზნესი, პოლიტიკა თუ სხვა რამ.
სხვათა შორის, ლელა კაკულიას ამისთვის დიდი დრო არ ჭირდება. მისი პასუხები ყოველთვის მყისიერია და სწრაფი.
სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობები, პარლამენტარები თუ კონგრესმენები მათთვის საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტას საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ; რამდენიმე ასეული კაცი მრავალი საათის განმავლობაში, ერთად თუ ცალ-ცალკე, ბჭობს, ფიქრობს, კამათობს, შემდეგ აჯამებს შედეგებს (ხშირად ამ შეჯამებას ერთმანეთის ცხვირ-პირის ლეწვაც ახლავს) და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მაინც არ ხერხდება, იმიტომ, რომ ყველას საკუთარი ნააზრევ-ნაფიქრალი ჰგონია უეჭველი და ჭეშმარიტი, გამართლებული და წარმატების მომტანი. ქართველი წინასწარმეტყველი კი ნებისმიერ საკითხს იცით, რა დროში გადაწყვეტს და რა დროში მოგცემთ ერთადერთ სწორ და მართებულ პასუხს? ერთ წამში!
ქალბატონმა ლელამ უკვე გამოსცა ერთი წიგნი, ახლა მუშაობს მეორე გამოცემაზე, 1995 წელს დაიბეჭდა ჟურნალ `ფენომენის~ სპეციალური დამატება `ქართველი ვანგა თუ...~, რომელიც მთლიანად მას ეხებოდა, მისი წინასწარმეტყველებები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთებში, ახლა გამოიცემა საკუთრივ მისი გაზეთი, სადაც უამრავი ფასდაუდებელი ინფორმაცია იბეჭდება ჩვენი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. ავიღოთ, თუნდაც ინფორმაცია ტერაქტების შესახებ. წესით, ამ საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ და მუშაობდნენ კიდეც ამ მიმართულებით, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ სახელმწიფოში არაფერი მსგავსი არ მოხდეს, დაიცვან მოსახლეობის სიმშვიდე (მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ლელას გამორჩეული უნარით სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, წარმატებით სარგებლობდა აწ განსვენებული ავთანდილ იოსელიანი, რომელმაც ხმამაღლა გადაუხადა მადლობა ქართველ წინასწარმეტყველს ფასდაუდებელი რჩევებისათვის. დაზვერვის შეფმა სწორედ ლელა კაკულიას დამსახურებად აღიარა მრავალი ფაქტი, მათ შორის ის, რომ საქართველო დღეს ჩეჩნეთივით მძვინვარე ომში არაა ჩართული და მისი გენოფონდის 60 პროცენტზე მეტი განადგურებული არაა! (იხ. გაზეთის #3. _ რედაქცია)). მაგრამ საქართველოში ხომ ნიჭი და გამორჩეულობა ძნელად ფასდება?! სამაგიეროდ ლელა კაკულიას ფენომენს სათანადოდ აფასებს მთელი მსოფლიო და მის წინასწარმეტყევლებებს კიდეც სწავლობენ და კიდეც ითვალისწინებენ. მაგალითად, დიდმა ქალბატონმა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აუწონავ ოქროდ ღირებული ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, პენტაგონს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გაზეთის `ნიუ-იორკ თაიმსი~ რედაქციას, თითქმის მთელ დიპლომატიურ კორპუსს, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის და სხვა მრავალი სახელმწიფოს მთავრობებს, სპეცსამსახურებსა და წამყვან პრესას; ქალბატონი ლელა აფრთხილებდა ყველას, რომ თუ ტერორიზმი არ დასამარდა, საქრისტიანოს დიდი განსაცდელი ელის! პასუხმაც არ დააყოვნა და ვაშინგტონიდან ქალბატონმა ლელამ წერილი მიიღო. მასში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის დიდი საბჭო განიხილავს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს და მადლობას უხდიან მას თანადგომისათვის.
წესითა და კანონით, ქალბატონი ლელას დახასიათება, მისი ფენომენალური უნარისა და შესაძლებლობების აღწერა-განხილვა აღარ საჭიროებს გაგრძელებას, მაგრამ დიდი წინასწარმეტყველის ახლო გარემოცვასა თუ ფართო საზოგადოებაში იმდენ დაუნახავ, უმადურ ადამიანს ვიცნობ და მსმენია მათ შესახებ, რომ ვხვდები, საჭიროა ყოველდღე ეუბნებოდე, გამუდმებით ახსენებდე მათ, რომ ქალბატონი ლელა არა მხოლოდ უდიდესი ფენომენია, არამედ უკეთილშობილესი და უსაზღვროდ მიმტევებელი პიროვნებაა. ეს რომ ასე არ იყოს, აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ლელა კაკულიასთან დაახლოეული ზოგიერთი, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნება, თხოვს ქალბატონ ლელას დახმარებას, წინასწარმეტყველებასა და ენერგიას, ლამაზი სიტყვებით ეფერება, ადიდებს მას, ლამის ცამდე აყავს (უფალი იმ დროს მათ სიმართლეს ალაპარაკებს), ოღონდ ქალბატონი ლელა ხედავს, რომ ყველაფერი ეს თამაშია და არა გულის სიღრმიდან ამომავალი სიტყვები. მიუხედავად ამისა, ასეთებს მაინც ეხმარება და გამოყავს უმძიმესი მდგომარეობიდან. ერთი სიტყვით, პატიობს თვალთმაქცობას. თუ განსაკუთრებული ადამიანი არ ხარ, ამას ვერ და არ გააკეთებ.
არის კიდევ ერთი მომენტიც: ქალბატონი ლელა ხშირად ბავშვურია და ამიტომ მავანთ ჰგონიათ, რომ შეძლებენ მის მოტყუებას. პატარა ადამიანები! მინდა გავაფრთხილო ყველა მისი ახლობელი, რომელიც არაწმინდა სულითაა გამსჭვალული და გამოძალვით დგას მის წინაშე ან ქალბატონის წინასწარმეტყველებებს საკუთარი ნიჭისა გონების ნაყოფად ასაღებს: ასეთებს წარმატება სიცოცხლეში არ უწერიათ!
ხშირად ვფიქრობ, თუ რაოდენ ბედნიერია საქართველო და მისი მოსახლეობა და როგორ ვერ გრძნობენ, რომ მათ გვერით დიდი წინასწარმეტყველი ცხოვრობს, უფალთან, ცათა სამეფოსთან ახლოს მდგარი ადამიანი, რომელიც აფრქვევს მადლს საუფლოთგან მოწოდებულს; ადამიანი, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას საქართველოსა და მის მოსახლეობაზე ზრუნვაში ატარებს; ადამიანი-საოცრება, ადამიანი-ლეგენდა, რომლის თითოეული სიტყვა წინასწარმეტყველებაა; ადამიანი, რომელიც ხედავს დედამიწის ზურგზე ყველაფერს, ყოველი ადამიანის გონებისა და გულის სიღრმეებს და მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს აყენებს ხალხს უხერხულ მდგომარეობაში. ეს არის ადამიანი, რომლის ღიმილი და მზერა აფრქვევს ზღვა სიკეთეს.
მე გამუდმებით ვაანალიზებ საკუთარ მდგომარეობას და გაოცებული ვეკითხები უფალს, რატომ დაიშვა ჩემნაირ ცოდვილ კაცზე ესოდენი მადლი და პატივი, რომ ვიმყოფებოდე ამ უდიდესი პიროვნების გვერდით თითქმის ათი წელი და ვიყო ცნობილი საზოგადოებაში მის დაცვად, მის წარმომადგენლად და ნდობით აღჭურვილ პირად, ანუ ადამიანად, რომელსაც ანდობს თავის ძვირფას სიცოცხლეს. მინდა ხელები ცას აღვაპყრო და ყოველ დღე და ყოველ წუთს ხმამაღლა ვიყვირო: გმადლობ, შენ, უფალო ღმერთო, ყოველივე სიკეთისა შენისათვის, ჩემი თხოვნისაებრ რომ წარმართე ცხოვრება ჩემი, ცოდვილისა მონისა შენისა დავითისა ნებისაებრ შენისა და უხვად არს წყალობა და განგება შენი ჩემზე! გმადლობ, გმადლობ, გმადლობ, რომ ჩამთვალე ღირსად დგომისა მხევლისა შენისა ლელასა თანა!
მაქვს უდიდესი სურვილი, ვამცნო მთელ ქვეყანას: იცოდეს ერმა და ბერმა, რომ ლელა კაკულია არის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომლის ბაგეთაგან უფლის სიტყვა გარდმოდინდება, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება! ვიმეორებ: ის ერთადერთია, ვინც ყოველ წამს ხედავს მსოფლიოს მომავალსა თუ წარსულს, ნებისმიერ დროს საუბრობს უფალთან, ხატებთან და ისმენს მათ სიტყვას; ნათლად ხედავს სამყაროს ყოველ კუთხე-კუნჭულს და ნებისმიერ კითხვაზე აქვს პასუხი. განა ეს ძალუძს კიდევ ვინმეს? რა თქმა უნდა, არა! მხოლოდ ლელა კაკულიასთვის აქვს ბოძებული ეს უდიდესი ღვთიური ნიჭი უფალს; ქართველ ერს ჰყავს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი; საქართველოს საპატრიარქოსა და ქართულ ეკლესიას მრევლში ჰყავს წინასწარმეტყველი, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე არ არსებობს; ადამიანი, რომელიც ერთნაირი წარმატებით წინასწარმეტყველებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს რელიგია, პოლიტიკა, მეცნიერება თუ სხვა. ლელა კაკულია გახლავთ უდიდესი ფენომენალური მონაცემების მქონე ადამიანი, რომელიც წინასწარ ხედავს მოსალოდნელ ხიფათს, საზოგადოებაში მოზღვავებულ განცდებს, ტანჯვას და ამ სიმძიმეს პირველი თავად განიცდის, ანუ ყოველივე უარყოფითი მასზე ფიზიკურ და სულიერ ტკივილად გადადის. თუ მართლაც განსაკუთრებული, ზეადამიანი არ ხარ, ვერ აიღებ სხვათა ტკივილებს და ვერ გაატარებ შენში. ასეთი ადამიანი გვყავს და არ ვაფასებთ. და ეს მაშინ, როცა წარსულში ცნობილ წინასწარმეტყველთა ჩანაწერების გაშიფვრაზე მთელი ინსტიტუტები მუშაობენ საუკუნეების მერე. ჩვენ კი, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მაცხოვრებელნი, არ ვაფასებთ უფლის საჩუქარს ჩვენზე!
მინდა ვუთხრა ყველას: თუკი ვინმეს მიჩნია, რომ ჩემი სიტყვები დამტკიცებას საჭიროებს, ძალიან ცდება! მივხედოთ, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ ქართველ წინასწარმეტყველს _ ლელა კაკულიას, ჭეშმარიტ პატრიოტს საქართველოსი, რომელსაც პლანეტის ყველა დიდ სახელმწიფოში ოქროს კოშკი ელოდება, მაგრამ არანაირ სამოთხეზე არ ცვლის შიომღვიმესა და ბოდბეს, გელათსა და ყინწვისს, მოწამეთასა და ურბნისს, სვეტიცხოველსა და ჯვარს! ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის აწ განსვენებულ მიტროპოლიტ კონსტანტინე მელიქიძეს და წინასწარმეტყველის სულიერ მოძღვარს.
ლელა კაკულიამ გამოსცა გაზეთი ხალხისთვის და თქვა: `გამოიყენეთ ქვეყნის სასიკეთოდ!~ მას ამბიცია არ აწუხებს, არც მადლობას ელის ვინმესგან. დიდ ქალბატონს წინასწარ¬მეტყველებათა უზარმაზარი ნაშრომები აქვს და მან კარგად უწყის, რაოდენ მადლიერი იქნებიან ამისათვის მომავალი თაობები, რომელნიც მართლა დააფასებენ ამ საგანძურს. მრავალი წლის შემდეგ, როცა ქალბატონი ლელა თავის ადგილს დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველში (რა ადგილია ეს, მან უკვე კარგა ხანია იცის), იმ პერიოდში მოღვაწე ადამიანები დიდ მინუსად ჩაუთვლიან დღეს მოღვაწეთ, რადგან ეს უკანასკნელნი ჯეროვნად ვერ აფასებენ დიდ ფენომენს და მრავალთა წმიდანთა წარმოგზავნილს; უფრო მეტიც, გულს ტკენენ იმის მაგივრად, რომ მოეფერონ და გაიხარონ დიდი ადამიანის არსებობით. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ინანებს მერე, როცა გვიანი იქნება. დასასრულ, მინდა ვკითხო საზოგადოებას: არ გაინტერესებთ, რატომ დავანდა ეს ღვთიური ნიჭი მაინცდამაინც ქალბატონ ლელა კაკულიაში? რატომ ინება ასე უფალმა? ამ კითხვაზე პასუხი, თავად ლელა კაკულიას გარდა, კიდევ ორმა ადამიანმა ვიცით სამYყაროში _ მე და ქართული ეკლესიის ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა.
თავს ძლივს ვიკავებ, არ ვიყვირო ამის შესახებ ხმამაღლა. ერთი რამ მბოჭავს: საზოგადოება ვერ გამიგებს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციისთვის ისინი მზად არ არიან! დუმილს ვამჯობინებ. დაე, დარჩეს ეს საიდუმლოდ ყველასათვის და იკმარონ ის, რასაც ხედავენ, ისმენენ და კითხულობენ!

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმიდესისა და უნეტარესის _ ილია II-ისა და ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას გულთბილი შეხვედრების შესახებ ადრე უკვე ვუამბე მკითხველს. მაგრამ ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფის ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც სიამოვნებით გავიხსენებ ამ ურთიერთობის ზოგიერთ სხვა დეტალსაც.
შემოდგომის მიწურულს ესტუმრა ქალბატონი ლელა უწმიდესს საპატრიარქოში. რა თქმა უნდა, მMეც თან ვახლდი. კაბინეტის შესასვლელში ზორბა ტანის როტვეილერი იწვა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის სადარაჯოზე.
უUწმიდესმა დიდი სიყვარულით შეგვიპატიჟა ოთახში. ერთმანეთის პირისპირ დაბრძანდნენ პატრიარქი და წინასწარმეტყველი.
ურთიერთმოკითხვის შემდეგ ქალბატონმა ლელამ საკუთარი ჩანაწერების კითხვა დაიწყო. უწმიდესი უდიდესი მოწიწებით, ყურადღებით უსმენდა მას, დროდადრო მე გადმომხედავდა.
ვაკვირდებოდი საქართველოს სულიერ მამას და მის თვალებში აშკარად ვკითხულობდი სიხარულსა და კმაყოფილებას. ვატყობდი, უწმიდესი თითოეულ სიტყვას საფუძვლიანად იმახსოვრებდა.
ქალბატონმა ლელამ წინასწარმეტყველება ფართოდ გაშალა, წვრილად გაშიფრა და დიალოგში გადაიყვანა.
თავდაპირველად პოლიტიკას შეეხნენ, შემდეგ მთავრობისა და საპატრიარქოს _ უშუალოდ, წმიდა სინოდის _ ურთიერთდამოკიდებულებას. გაირკვა, რომ ერთ-ერთ გავლენიან მაღალჩინოსანს მთავრობის სხდომაზე (შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) დისკრედიტაციის მიზნით, უხეშად უხსენებია ერთ-ერთი ეპარქიის მღვდელმთავარი (სახელს შეგნებულად არ ვაკონკრეტებ). ეს ისე ითქვა, უბრალოდ, საუბარს მოყვა და მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს არაფერი უთხოვია, ქალბატონმა ლელამ მას დახმარება მაინც აღუთქვა _ მთავრობასა და სინოდს შორის გაუგებრობის საფუძველზე წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას შეპირდა.
ქალბატონმა ლელამ მეორე დღესვე მიმართა თხოვნით ედუარდ შევარდნაძეს, პირადად გარკვეულიყო პრობლემის არსში და... პრობლემა გაქრა.
სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ქალბატონმა ლელამ ზურგი გაუმაგრა საპატრიარქოს და დაიცვა მისი სახელი, ღირსება და პატივი. იყო შემთხვევა, როცა ლელა კაკულიას მცდელობითა და გარჯით შეინარჩუნა ეკლესიამ უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, მის ასეთ მეცადინეობას მავანნი ებრძოდნენ, თუმცა წინასწარმეტყველი შეუპოვრად იდგა მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ჩუმად, თავმდაბლად, სწორედ რომ ქრისტიანული რუდუნებით აკეთებდა საკეთებელს.

* * *
მომდევნო შეხვედრა საპატრიარქოს სამოთხის ბაღივით მშვენიერ ეზოში შედგა. ღია ფარდულში გვერდიგვერდ დაბრძანდნენ პატრიარქი და ქალბატონი ლელა, მათ პირდაპირ _ თქვენი მონა-მორჩილი. უწმიდესს ფერხთით გერმანული ნაგაზი ეჯდა, სახელად გრეკი. დაახლოებით ერთ საათს საუბრობდნენ მასპინძელი და სტუმარი. მოულოდნელად, უწმიდესი შეიშმუშნა _ წამიერი მოძრაობა იყო, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ქალბატონ ლელას მყისიერი რეაქცია ჰქონდა: უწმიდესო, ფილტვები გაწუხებთ, ვხედავ. ნუ შეგეშინდებათ, ენერგიას მოგცემთო, უთხრა და ზურგზე დაადო ხელი. პატრიარქის თეთრით შემოსილ ლამაზ სახეს სიმშვიდე გადაეფინა და დიდი ბავშვივით გაინაბა. მცირე ხნის შემდეგ დაეტყო, შვება იგრძნო.
მერე პატრიარქს მისი საყვარელი ცხენი მოჰგვარეს _ ულამაზესი არსება...
წამოსვლის დროც დადგა. ჭიშკრისკენ გავემართეთ, მისი უწმიდესობა ნელი ნაბიჯით მოგვყვებოდა, წინ გრეკი მიგვიძღოდა. პატრიარქმა შემომხედა და მკითხა:
_ დავით, იარაღი ყოველთვის თან გაქვს?
_ დიახ, თქვენო უწმიდესობავ. მე ხომ მუდმივად ქალბატონი ლელას გვერდით ვარ და იარაღს ამადაც არასდროს ვიშორებ-მეთქი, ვუპასუხე.
პატრიარქმა გაიღიმა.
_ უწმიდესო, _ მოულოდნელად მიმართა მას ქალბატონმა ლელამ. _ წინასწარმეტყველების უზარმაზარი მასალა მაქვს და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო.
_ დაწერე და ყველაფერი გამოაქვეყნე, გაძლევ კურთხევას! _ ბრძანა პატრიარქმა.
და ისევ მე მომიბრუნდა:
_ დავით, იცი, ლელას იარაღი არასდროს დაჭირდება!
ვერ შევბედე პატრიარქს სრულიად საქართველოისა, მეთქვა, რომ მიხა ზედანიას შთამომავალი ვარ და ცხენ-იარაღი საოცრად მიყვარს _ საჭიროების გარეშეც. ამის მაგივრად ლოცვასავით აღმომხდა: ღმერთმა ინებოს! მეც ეს მინდა-მეთქი.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top