ამირან ტაკიძე

ცნობილი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.


`ქალბატონი ლელას ფენომენის შესახებ პირველად დაახლოებით 1994-1995 წელს შევიტყე ჩემი მეუღლის მეგობრის, მარიკა მათიაშვილისგან. მაშინ პარლამენტის წევრი გახლდით და ძალიან ბევრი რამ მაინტერესებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომ მარიკასთან ყველა შეხვედრა იწყებოდა შეკითხვით: `აბა, რა იცი ახალი? რა თქვა ქალბატონმა ლელამ კიდევ?~ ისიც, რა თქმა უნდა, გვეუბნებოდა, რაც იცოდა და მიდიოდა მერე ამის განხილვა და სჯა-ბაასი. ერთი სიტყვით, მარიკას გამოჩენას მუდამ დიდი ინტერესით ველოდი, მაგრამ თან რაღაც გაურკვეველი გრძნობა მეუფლებოდა: იმდენად ზუსტად სრულდებოდა მარიკას მიერ მოტანილი ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებები, რომ ვეუბნებოდი, ამიხსენი, როგორ შეიძლება, რომ ამდენი წლის წინ ნათქვამი ასე საოცრად დაემთხვეს რეალობას-მეთქი? ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რაღაცას ვერ ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ადამიანს წინასწარ ასე ზუსტად ცოდნოდა, რა მოხდებოდა ერთი, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ, ანუ ბევრად ადრე განეჭვრიტა მომავალი. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ნათქვამი რეალობად იქცეოდა ხოლმე და ფარ-ხმალს ვყრიდი.
ასე გაგრძელდა კარგა ხანს. ამ ხნის განმავლობაში მარიკას პერმანენტულად ვთხოვდი, რა იქნება, გამაცანი ქალბატონი ლელა-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ წლებში ჩვენი შეხვედრა არ შედგა. სამაგიეროდ, შედგა ჩემი ერთი უმცროსი მეგობრის, მაშინდელი მთავრობის მაღალჩინოსნისა და ლელა კაკულიას შეხვედრა. სხვათა შორის, ეს ჩემი დამსახურება იყო, ვინაიდან მარიკას ვთხოვე, იქნებ მოხერხდეს ამ ადამიანისა და ლელა კაკულიას გაცნობა, მზარდი ახალგაზრდა პოლიტიკოსია და ქალბატონი ლელას რჩევები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ძალიან გამოადგება-მეთქი. რამდენად გამოიყენა ამ პიროვნებამ წინასწარმეტყველის ფასდაუდებელი რჩევები, ეს უკვე სულ სხვა თემაა და ახლა ამის შეფასება არ შემიძლია.
მოკლედ, გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ბოლოს, როგორც იქნა, საპარლამენტო მოღვაწეობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მეღირსა ლელა კაკულიასთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემი დაჟინებული თხოვნით.
გაცნობის პირველი დღიდან, პირველი საუბრიდან მოყოლებული, მე ფაქტობრივად, ვარ ქალბატონი ლელას თითოეული სიტყვის მორჩილი. არაფერზე ვკამათობ, უბრალოდ ვიცი, რომ ეს ასე უნდა იყოს. იცით, ეს ზოგჯერ სულაც არ არის ადვილი. შეიძლება მე სხვაგვარად წარმომედგინოს რაიმე მოვლენა, მაგრამ ვიცი, რომ უნდა დავეთანხმო ქალბატონ ლელას და ისე მოვიქცე, როგორც მეუბნება. ასე ბევრჯერი მომხდარა: სხვაგვარად მსურდა და სხვაგვარად მოვქცეულვარ. სხვათა შორის, არასდროს მინანია ეს.
ამის მაგალითად ოთხი წლის წინანდელ სიტუაციას, აჭარის რევოლუციისწინა პერიოდს გავიხსენებ. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, პირადად არ მიმეღო მონაწილეობა იმ მოვლენებში, რომლებიც წინ უძღოდა 6 მაისს, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, საპარლამენტო ცხოვრებასა თუ პოლიტიკაში ჩემი ჩართვა გამოწვეული იყო ასლან აბაშიძესთან, აჭარის იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან დამოკიდებულებით და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა შანსი გაჩნდა იმ რეჟიმის თავიდან მოცილებისა, შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ გვერდზე გავმდგარიყავი და პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან მედევნებინა თვალი ყველაფრისთვის. მართალია, თავიდან დავესწარი კიდეც ორ-სამ შეხვედრას იმ პირებთან ერთად, რომელთაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ აჭარის რეჟიმთან საბრძოლო პროგრამის შემუშავებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ქალბატონ ლელასთან ვისაუბრე, გადაწყვეტილება შევიცვალე. ქალბატონმა ლელამ განმიმარტა, რატომ არ უნდა ჩავრეულიყავი ამ პროცესებში: შენ სულ სხვა გზა გაქვს ამ ეტაპზე. დგება დრო, როცა სამეცნიერო კუთხით უნდა იმუშავოო და სიტყვასიტყვით ასე მითხრა: `ბატონო ამირან, ჰაერში ხარ ჩამოკიდებული და სკამს გამომშვიდობებული. შეეგუე ამას და ეს უსათუოდ წაგადგება მომავალში!~
ფაქტობრივად, ექვს თვეში ამისრულდა ის, რაც მითხრა. ჩემთვის ნამდვილად სასიკეთო გამოდგა სახელმწიფო სამსახურიდან წასვლა, ვინაიდან შემდგომ პერიოდში მოვახერხე ჩავჯდომოდი საკანდიდატო დისერტაციას და ბოლომდე მიმეყვანა, განმეხორციელებინა ოცი წლის წინანდელი ჩანაფიქრი. ორი წლის წინ დავიცავი კიდეც საკანდიდატო დისერტაცია.
რამდენიმე თვის წინაც შემექმნა მსგავსი სიტუაცია, ანუ, როცა ნამდვილად არ მინდოდა იმის გაკეთება, რაც ქალბატონმა ლელამ მითხრა. ეს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას, რაღაც სამსახურებრივ საკითხს ეხებოდა და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი მის ნათქვამს _ იქნებ არ გავაკეთო ასე, იქნებ სხვა კუთხით მოვახერხო ეს სამსახურებრივი გადაადგილება-მეთქი, ვთხოვე, მაგრამ არაო, მითხრა და ჩემი ნების წინააღმდეგ წავედი _ ისე მოვიქეცი, როგორც მან მირჩია. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც ქალბატონი ლელა ამბობს, ისე ჯობს ნამდვილად. გიჭირს თუ არა რაიმე ნაბიჯის გადადგმა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ნამდვილად ისე ჯობს, როგორც ლელა კაკულია გირჩევთ. ეს თეზა დამტკიცებას არ ითხოვს, მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მისი თითოეული სიტყვა ასი პროცენტით ზუსტად ხდება. ამაში პირადი მაგალითებითაც არაერთხელ დავრწმუნებულვარ. რაზეც კი რჩევა მოუცია, რაც კი უთქვამს, ყველაფერი ზედმიწევნით ამხდომია.
ასე მაგალითად, ბათუმის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული მართვისათვის ძალზე ღირებულ, პრაქტიკულად, ფასდაუდებელ რჩევებს მაძლევს: როგორ, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, გავფართოვდეთ, რა დავნერგოთ, რაზე ვთქვათ უარი და ასე შემდეგ. ზოგჯერ ნაფიქრიც არ მაქვს რაღაც თემაზე (პროექტზე აღარ ვლაპარაკობ), წინასწარ მეუბნება, აი, ამას გააკეთებ, ამას შეძლებ, ამას განავითარებ და უფრო წინ წავა საქმეებიო. მართლაც, რაღაც დროის შემდეგ მოულოდნელად სრულდება ის, რაზეც შეიძლება, არასდროს მეფიქრა. ზოგჯერ მარტო მე რომ მაქვს ნაფიქრი და მარტო მე რომ ვიცი, იმაზე უთქვამს საუბრისას, რატომ არ მიმხელ, ასეთი რაღაცის წამოწყებას რომ აპირებო? მერეღა გამოვტყდები ხოლმე, რომ ეს ნამდვილად ასეა.
მე ყურადღებით ვაკვირდები ქალბატონი ლელას პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებს. ზოგი ჩანაწერი ხუთი-ექვსჯერ მაქვს წაკითხული. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სანამ რაიმე ასრულდება, რაღაც მონახაზის წარმოდგენა ლოგიკურად კია შესაძლებელი, მაგრამ ზუსტი სურათის აღდგენა ძალიან ძნელია. მაგალითად ამ ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტს მოვიყვან. როცა ქალბატონმა ლელამ ბრძანა, ავლაბარში შეკრებილ ათასობით კაცს ვხედავ, გადავსებულია იქაურობაო, ]ვიფიქრე, ნეტავ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ იქ ათასობით ადამიანი შეიკრიბოს? როდის იყო, რომ თბილისობის გარდა, ხალხი იქ რაიმე სერიოზული საკითხისთვის იყრიდა თავს? რატომ?
პასუხი ამ კითხვებს სულ რამდენიმე კვირის წინ გაეცა და სრული სურათიც გამოიკვეთა.
ქალბატონი ლელა სულ ამბობს, რომ კოსმოსში დრო არ არსებობს და ამიტომ არასდროს მიუთითებს რაღაც კონკრეტულ ვადებს. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა დროს ასახელებს და მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის მოვლენა ნამდვილად დასახელებულ ჟამს ასრულდება. ჩემი დაკვირვებით, მთავარია, მის ჩანაწერებში აღნიშნულ დროს კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს დასმული (აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ლელა კაკულია ფრაზის ბოლოს ან მის შიგნით ხშირად სვამს სამ ძახილის ნიშანს, ზოგჯერ მეტსაც, რაც გრამატიკულად გაუმართლებელია. თუმცა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ასეთი ძახილისნიშნიანი ფრაზა განსაკუთრებულად საყურადღებოა და საფრთხილო). მას ასე უკითხვისნიშნოდ და დაბეჯითებულად დასახელებული აქვს რევოლუციური მთავრობის მოღვაწეობის 48 თვიანი პერიოდი...
ჩემს ახლობლებს ვურჩევ და ვთხოვ, რომ ყურადღებით გაეცნონ ლელა კაკულიას გაზეთს, ჩაუფიქრდნენ წაკითხულს და გააკეთონ ანალიზი (განსაკუთრებით, თუ რომელიმე მათგანი პოლიტიკოსია, უყვარს ეს ქვეყანა და მის მართვაში მონაწილეობს). გულსატკენია, რომ ამ სიმდიდრეს ჯეროვნად არ იყენებენ. ქალბატონი ლელას მეშვეობით ჩვენ თანამემამულეებს, ყველა კეთილისმსურველს ამ ქვეყნისა და საკუთარი თავისა, საშუალება ეძლევა რეალურად ისარგებლოს უნიკალური შანსით _ ბევრად ადრე იცოდნენ, რა მოყვება ამა თუ იმ ნაბიჯს და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კატაკლიზმები. ვფიქრობ, რომ 2003 წელს გამოცემულ წიგნში თუ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს ის რომ იყენებდეს, ვინც საჭიროა, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში შეცდომები აღარ იარსებებდა. საქმე ისაა, რომ როგორც ქალბატონი ლელა თავადაც ამბობს, ადამიანებს ეძლევათ ხოლმე შანსი, რაღაცა შეცვალონ საკუთარ თუ სახელმწიფოს ბედში. ეს ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია! როგორც ჩანს, ვიღაცეებს რატომღაც უჭირთ ამის გააზრება და ამიტომაცაა ასე მწირად ათვისებული ეს ეროვნული სიმდიდრე.
ბოლო წლების მანძილზე სამ-ოთხჯერ მერგო პატივი, დავსწრებოდი ქალბატონი ლელას დაბადების დღეს. იქ ისეთი ადამიანები იკრიბებიან ხოლმე, რომელთაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებათ. დარწმუნებული ვარ, ლელა კაკულია მათ საქვეყნო საქმეზე ფასდაუდებელ რჩევა-დარიგებებს არ აკლებს. მათ კი რაღაც არ ეტყობათ, რომ ამ რჩევებს იყენებენ (ეს ძალიან კარგად ჩანს გვერდიდან). არ ვიცი, რა მიზეზით. იქნებ იმიტომ, რომ საკუთარ თავში ვერ პოულობენ ძალას, ბოლომდე ირწმუნონ და მიენდნონ წინასწარმეტყველის სიტყვებს?
მე მქონია ბედნიერება, ქალბატონი ლელას ნებართვით, ორიგინალში წამეკითხა წინასწარმეტყველებები. გასულა რაღაც დრო და მივმხვდარვარ, რომ იმან, ვისზეც ჩანაწერებში იყო საუბარი, არ მოისმინა, არ შეისმინა და არ გაითვალისწინა ფენომენის სიტყვები. და ეს ყველაფერი ისევ მათდა საზიანოდ.
თუ რატომ, საზიანოდ, ამასაც აგიხსნით. საქმე ისაა, რომ თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნად მოვლინებისას უფალი რაღაც მისიას აკისრებს, ანუ ავალებს აკეთოს ის საქმე, რისთვისაც იბადება. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს განსაზღვროს ეს გზა და ძალღონესა თუ ჭკუა-გონებას კარიერულ აღმასვლასა და თანამდებობის ძიებაში ფლანგავს; იბრძვის, იხარჯება, საბოლოოდ, იფიტება და მაინც ვერ აღწევს იმას, რაც უფალმა არ დაუდგინა. ქალბატონმა ლელამ არაერთ ასეთს ამცნო შემოქმედის ნამდვილი ნება და სწორი გზაც დაანახა, მაგრამ მათ იმაზე მეტი სურდათ, ვიდრე ღმერთს ნებავდა და დასახულ არასწორ მიზანს მაინც ეპოტინებოდნენ. სულ ფუჭად! აქედან სასიკეთო არასდროს არაფერი გამოსულა! ამის მაგალითები მრავლად მაქვს, მაგრამ დაკონკრეტებას ეთიკური თვალსაზრისით მოვერიდები.
საერთოდ, არ არსებობს სფერო, რომელსაც ქალბატონი ლელა ვერ წვდება, ვერ ხედავს და ვერ წინასწარმეტყველებს. მის კომპეტენციას ნამდვილად არ აქვს ზღვარი, იმდენად ყოვლისმომცველია მისი წინასწარმეტყველებები. ის სამყაროს სრულყოფილად ჭვრეტს. მისთვის ხილულია ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება და ვინ იცის, იქნებ მის მიღმაც?!~

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top