მამა ფარნავაზი

ცნობილი ადამიანები

_ მამა ფარნავაზ, ადამიანთა ერთ ნაწილს, რომლებიც ლელა კაკულიასთან არ ყოფილან და საკუთარი თვალით არ უნახავთ ღვთისმოსაობის ის ნიშნები, რომლებიც მას გარს აკრავს, წინასწარმეტყველის სახელის ხსენებაზე, პირველ რიგში, უჩნდება კითხვა ეკლესიასთან დამოკიდებულების თაობაზე. რას ეტყვით მკითხველს, როგორი ურთიერთობა აქვთ ლელა კაკულიას და ქართულ ეკლესიას?
_ არ მინდა შევეხო ადამიანთა აზროვნების სხვადასხვაგვარობას. უბრალოდ გეტყვით, რომ ლელა კაკულიას უპირატესობა ასე მომრავლებულ მკითხავთა, მჩხიბავთა და `ნათელმხილველთა~ მიმართ სწორედ მისი ეკლესიურობა და ღრმად მორწმუნეობაა. ლელას ნაბიჯი არ გადაუდგამს, ერთი წამიც არ უცხოვრია დედა-ეკლესიის მცნების გარეშე, მისი მსოფლმხედველობა და ქმედება არასდროს ყოფილა შეუჯერებელი მართლმადიდებლობასთან. რაც ყველაზე მთავარია, ლელა კაკულიას მოღვაწეობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება!!! აქედან გამომდინარე, ერთგვარად უხერხულიც კია ლელასა და ეკლესიის ცალ-ცალკე წარმოდგენა.
_ მამაო, ადამიანების ასეთი დადარაჯებული პოზიცია, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ მომრავლებული მკითხავ-მჩხიბავები და `ნათელმხილველები~ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირს იჩემებენ.
_ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომელსაც აქვს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და შემოსილია ეკლესიის მადლითა და შარავანდედით. ეს ლელა კაკულიაა! ყველა სხვა დანარჩენი ცრუწინასწარმეტყველია.
სამწუხაროდ, მათ მიაგნეს სახელის განთქმის არამართებულ მეთოდს: იპარავენ ლელას უფლისმიერ შემოქმედებით ნაღვაწს _ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც უკვე ლამის ორი ათეული წელია პრესაში სისტემატურად ქვეყნდება, და საკუთარი ინტერპრეტაციით ავრცელებენ მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. ეს უდიდესი ცოდვა და ბოროტის მსახურებაა. მოვუწოდებ ყველას, გაფრთხილდნენ, ნუ წაიწყმედენ სულს ცრუმოღვაწეობით. ეს მათთვისვეა ცუდი, თორემ ლელას არაფერი დაუშავდება, რადგან დაცულია ყველა იმ დაცულობითა, რითაც ეკლესიას იცავს ჯვარი! ის გახლავთ ღვთის სიტყვის მომტანი უფლისაგან გახსნილი გონებითა და არა ბოროტისგან გახსნილი გონებით.
_ ანუ ადასტურებთ, რომ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები უფლის ნებით ხორციელდება?
_ დიახ, მის ბაგეთაგან გარდამომავალი სიტყვები უფლის სიტყვებია! და არათუ ვადასტურებ, არამედ თავად ვცხოვრობ ამ ჭეშმარიტებასა შინა. ვგულისხმობ იმას, რომ არის ისეთი წინასწარმეტყველებებიც (პოლიტიკურიც და არაპოლიტიკურიც), რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოთქმისთანავე, მყის, ჩემს თვალწინ სრულდება.
_ მამაო, თქვენ სრულიად განსხვავებული და უნიკალური ადამიანის მოძღვარი ბრძანდებით. მაინტერესებს როგორ მოვიდა ქალბატონი ლელა თქვენამდე?
_ ის კი არ მოვიდა ჩემთან, პირიქით, მე მივედი მასთან. ერთხელ ჩემი მეუღლე სწვევია ლელას. ჩემს მომავალ სულიერ შვილს საუბარში სრულად და ამომწურავად დავუხასიათებივარ და უთქვამს: აუცილებლად მოვიდეს, ის უნდა გახდეს ჩემი მოძღვარიო. ჰოდა, მივედი.
_ მანამდე გსმენოდათ მის შესახებ?
_ კი, მსმენოდა. ვიცოდი, რომ ღვთისმოსავი, ღრმად რელიგიური ადამიანი იყო, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი.
_ საიდუმლოს გამჟღავნებას არ გთხოვთ, უბრალოდ მაინტერესებს, ჩვეულებრივი ადამიანური ცოდვები აქვს წინასწარმეტყველს თუ ამითაც გამორჩეულია?
_ მაცხოვარი ამბობს: `არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს~. ამიტომ ცნება `უცოდველი~, თავისთავად, აბსურდია. ადამიანური დაცემა ყველა პიროვნებაში ხდება. მით უმეტეს, რომ ლელას ყველაზე მეტად ებრძვის ბოროტი, რათა შეაღწიოს მასში, დათრგუნოს იგი, შეცდომა დააშვებინოს და სულიერად დასცეს. მადლობა ღმერთს, რომ მას უფლისმიერი მადლი იცავს და ამიტომაც აღწევს თავს უამრავ დიდ ცდომილებას, მაგრამ ვერ გაურბის წვრილ-წვრილ ცოდვებს _ სერიალების ცქერა უყვარს...
_ მამაო, ადამიანები მოძღვართან მხოლოდ ცოდვების მოსანანიებლად და შენდობის მისაღებად არ დადიან. ისინი მასთან საუბარში სულიერ სიმშვიდეს ეძებენ და ღებულობენ კიდეც ერთგვარ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამ უნიკალურ შემთხვევაში როგორაა საქმე, პირიქითაც ხომ არ ხდება ხოლმე?
_ თანაც ძალიან ხშირად. მოძღვრებს ურთულესი ღვაწლი გვაკისრია უფლისაგან და ამ ღვაწლში (მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია ჩვენი ტვირთი) ისე ვმძიმდებით მრევლის უარყოფითი ემოციებითა და ენერგიით, რომ ჩვენც გვჭირდება განტვირთვა. რა თქმა უნდა, ყველა მოძღვარს ჰყავს საკუთარი მოძღვარი, რომელთან საუბარშიც ეძიებს და ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ჩვენს აღსარებაში სხვისი აღსარების გამჟღავნების უფლება არა გვაქვს, ამიტომ სიმძიმე დიდხანს მიგვყვება ხოლმე. ასეთ მომენტებში ლელასთან მივდივარ და მასთან ურთიერთობით ვიღებ უზარმაზარ სიმშვიდეს, ენერგიას, რომელიც ღვაწლის ახალი შემართებით განგრძობის საშუალებას მაძლევს.
მადლობა უფალს, რომ აქედანაც მეძლევა ძალა და ნიჭი იმისა, რომ ადამიანებს ვურჩევ სწორ მიმართულებას ცხოვრების გზაზე.
იცით, მე და ლელას ხშირად ერთად გვიმსჯელია და გვიფიქრია განსაკუთრებით შეჭირვებული კონკრეტული ადამიანების ბედზე, ერთად გვიძებნია გზები მათი დახმარებისა, მათი აღმოყვანისა სიმძიმიდან, მათთვის სულიერი სიმშვიდის მინიჭებისა.
_ ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან როლებსაც ცვლით?
_ ასეც შეიძლება ითქვას. სხვათა შორის, მე ლელასთან ისე მივდივარ, თითქოს ეკლესიაში მივდიოდე უფლისაგან მადლის მისაღებად. ასეც უნდა იყოს. იცით, ბავშვობიდან გამუდმებით ვგრძნობდი უცნაურ მფარველობას. უამრავი რთული და უიმედო მდგომარეობიდან გამოვსულვარ, თანაც ისე, რომ თავად გამკვირვებია. ეს მაშინ, თორემ ლელას გაცნობის შემდეგ მივხვდი, რატომაც მიცავდა უფალი. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი, რომ ღირსმყო მეტვირთა წინასწარმეტყველის მოძღვრობა.
_ გარდა ღვთიური ნიჭისა, სხვა რა თვისებას გამოყოფდით ქალბატონი ლელას დასახასიათებლად?
_ უზომოდ დიდ პატრიოტიზმს. იშვიათია საკუთარ ქვეყანაზე ამგვარად შეყვარებული ადამიანი. უამრავი სახელმწიფო ეპატიჟება. ოღონდაც ჩავიდეს და იღვაწოს იქ, ყველაფერს აკეთებენ, ყოველგვარი პირობის შექმნაზე თანახმა არიან. ის კი არსად მიდის. აქ, საქართველოში რჩება და ჩვეულებრივად ცხოვრობს. არაფერს ითხოვს, არავის აწუხებს, მით უმეტეს, არ აწუხებს `ძლიერთა ამა ქვეყნისა~. უანგაროდ გასცემს იმ უზარმაზარ ენერგიას, რომელიც მხოლოდ ერთეულთა დასაფარად კი არა, ქვეყნების დასაცავადაც კმარა.
გულდასაწყვეტია, რომ ამხელა მადლს უფლისას სათანადოდ ვერ აფასებენ და არ იყენებენ ჩვენი ქვეყნის მმართველები.
_ და ეს მაშინ, როცა ქართული ეკლესია პირდაპირ აღიარებს მის გამორჩეულ ფენომენს. მამაო, არსებობს წინასწარმეტყველებები, რომლებშიც ქართული ეკლესიაზე სხვადასხვა სექტების მიერ მიტანილ შეტევებზეა საუბარი. ნათქვამია, რომ ხელისუფლებაშიც მომრავლდებიან ასეთი ადამიანები.
_ არ მინდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, მის მმართველებს შევეხო, ვინაიდან, ამ ბოლო დროს სახელმწიფო და ეკლესია, ერთგვარად, გაიმიჯნა. არადა, ეპოქალურად, ასეთი რამ არასდროს მომხდარა _ ეკლესია სახელმწიფოს მმართველობაში ყოველთვის (საბჭოური პერიოდის გარდა) აქტიურად მონაწილეობდა და ფასეულ რჩევებსაც იძლეოდა. არ ვიცი, რას მივაწერო ის ამბავი, რომ დღეს ყურს არავინ გვიგდებს. რამდენჯერ მითქვამს (და არა მარტო მე), რომ დაუშვებელია ფულის ბანკნოტებზე წმიდანების გამოსახვა, ქუჩებისთვის მათი სახელების დარქმევა, ყველა ჯურისა და ყაიდის გაზეთში ხატების ბეჭდვა. იმ ფულით, რომელზეც წმიდა თამარი და ილია მართალია გამოსახული, ათასი ბინძური საქმე გვარდება; იმ ქუჩებში, რომლებსაც წმიდანთა სახელები ჰქვიათ, ნაგავს ყრიან და აფურთხებენ, ბილწსიტყვაობენ და, ბოლოს და ბოლოს, მკვლელობები ხდება; ის გაზეთები და ჟურნალები, რომლებშიც ხატები იბეჭდება, უწმინდურ ადგილებში გვინახავს. განა ეს საქმეა? არადა, ამ გადაწყვეტილებების მიმღებთ კაბინეტებში ხატები უბრძანიათ და თავი ჭეშმარიტ მორწმუნეებად მოაქვთ.
_ ალბათ, ესეც ერთგვარი დარტყმაა მართლმადიდებლობაზე.
_ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. რაც არ უნდა ვთქვათ და რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, მოსახდენი მაინც მოხდება. გაიხსენეთ, რას წერს ერთგან ლელა: `ერი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს!~ როგორც ჩანს, უფალს ნებავს ასე _ დავეცეთ, რათა თავიდან აღვსდგეთ განწმენდილნი და განსპეტაკებულნი.
_ წინასწარმეტყველი წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად დადგება ქართული ეკლესიის განდიდებისა და გაბრწყინების დრო. როგორ ემოციას ბადებს თქვენში ეს წინასწართქმები?
_ მის მიერ განჭვრეტილი ჩვენი ეკლესიის მომავალი უსაზღვრო აღმაფრენას იწვევს. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფრაზა, სადაც ლელა ამბობს, რომ ქრისტიანობის საღი მარცვალი მსოფლიოში მხოლოდ საქართველოშია დაფლული და თავის დროზე აუცილებლად აღმოცენდება მთელის ბრწყინვალებით, რათა გადარჩეს საქრისტიანო. და რადგან ლელას ყველა, აბსოლუტურად ყველა წინასწართქმული სრულდება, მშვიდად და სიხარულით ველი დედა-ეკლესიის გაბრწყინებას და გაძლიერებას.

* * *

მცირე განმარტება: მამა ფარნავაზის მიერ წამოწეული თემა წინასწარმეტყველებების მითვისების თაობაზე, სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა მსჯელობის საგანი, როცა ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ პუბლიკაციაში ქალბატონ ლელას მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების დამახინჯებული ვარიანტი ვიხილეთ. ვიღაც მამაკაცი მკითხველს ლელა კაკულიას რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველებებს თავაზობდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით.
რადგან ქალბატონი ლელა მსგავს ქმედებებზე პასუხის გაცემას საერთოდ არ თვლის საჭიროდ, რედაქცია ამ ეტაპზე თავს იკავებს უფრო მეტის თქმისგან.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top