თემურ იაკობაშვილი

ცნობილი ადამიანები

_ ბატონო თემურ, პირველი და ყველაზე ბანალური კითხვა: სად და რა ვითარებაში გაიცანით ქალბატონი ლელა?
_ ლელა კაკულიას დიდი ხნის წინ სრულიად შემთხვევით შევხვდი. ჩემი მეგობარი მიდიოდა მასთან სტუმრად და მეც წამიყვანა. მითხრა, ერთი საინტერესო ადამიანი უნდა გაგაცნოო და ცოტა რამ მიამბო მასზე. სიმართლე გითხრათ, ნაამბობი არ დავიჯერე, მაგრამ წასვლით მაინც წავედი. ვიფიქრე, ცოტას გავერთობი-მეთქი.
გართობის რა მოგახსენოთ, მოხიბლული და გაოგნებული კი ნამდვილად დავრჩი. როგორც კი ქალბატონ ლელას შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ამ სტუმრობით არაფერი წამიგია. ეს იყო ძალზე სასიამოვნო გარეგნობის, უშუალო ქალბატონი, რომელიც საოცარ სიმშვიდეს და სითბოს აფრქვევდა; რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა სტუმრის დახვედრის ხელოვნებას. მაგრამ მთავარი თურმე წინ მელოდა. ჩვენი საუბარი არ ეხებოდა რაიმე კონკრეტულ თემას. ვლაპარაკობდით ზოგადად, ყველაფრის შესახებ და სწორედ ამ ზოგად საუბარში ჩვენმა ცისფერთვალა მასპინძელმა ისეთი დეტალები `გადმომილაგა~, რომლებიც შეუძლებელი იყო, ვინმეს (მათ შორის, ჩემს თანმხლებ მეგობარს) ცოდნოდა.
უნდობლობა და სკეპსისი სადღაც გაქრა. მივხვდი, რომ საქმე ნამდვილად არაჩვეულებრივ ქალბატონთან მქონდა. იმ დღის შემდეგ ჩემზე მეტად განცვიფრებული და შოკირებულიც ბევრი მინახავს.
_ თქვენს მეგობრობას, როგორც ჩანს, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი.
_ დიახ, ასეა. მას შემდეგ ქალბატონ ლელასთან ჩემი ვიზიტები გახშირდა და ეს ურთიერთობა თანდათან გადაიზარდა მეგობრობაში. გულწრფელად გეტყვით, უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ ამით, რადგან ეს დიდი პატივია, განუზომელი პატივი. თუმცა, რა დასამალია, არიან ისეთებიც, რომლებიც ლელას რჩევის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ, დღეში ასჯერ ეთათბირებიან, ჭკუას ეკითხებიან, მაგრამ მასთან მეგობრობას მალავენ _ ასე ხომ უფრო ჭკვიანები და შორსმჭვრეტელები გამოჩნდებიან საზოგადოების თვალში?.. საერთოდ კი, ქალბატონ ლელასთან ურთიერთობა ძალზე კომფორტულია, ვინაიდან ის კეთილგანწყობილია ნებისმიერი ადამიანის, სრულიად უცნობისა და აგრესიულის მიმართაც კი და ამ უანგარო სიყვარულს თითქმის ფიზიკურად შეიგრძნობს ყველა.
_ თქვენ შოკირებული ადამიანები ახსენეთ...
_ თანაც არა ერთი და მათ შორის, ბევრი უცხოელი. ისინი თავად მიკავშირდებოდნენ და მთხოვდნენ, დავხმარებოდი ლელა კაკულიასთან შეხვედრაში. ესენი იყვნენ და არიან ძალზე განათლებული, ჭკვიანი, თანამედროვე ადამიანები, რომლებსაც, როგორც არ უნდა მოინდომო, ვერც მოატყუებ და ვერც თავგზას აუბნევ, იოლად არჩევენ ნაღდსა და ყალბს. ჰოდა, ლელა კაკულიასთან ვიზიტის შემდეგ ყოველი მათგანი აღნიშნავდა, რომ საქმე აქვთ ზებუნებრივ, ღვთიურ ფენომენთან, რომლის მსგავსი არ უნახავთ. სტუმრებზე განსაკუთრებით მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენდა ის, რომ ქალბატონ ლელას, ცრუწინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, არ სჭირდება არავითარი ინსტრუმენტი (როგორებიცაა კარტი, ყავა, ბროლის ბურთი...). მისთვის საკმარისია იცოდეს პიროვნების სახელი და ასაკი, და ცხრა მთას იქითაც რომ ცხოვრობდეს, მაინც დეტალურად შეუძლია მის წარსულ თუ მომავალ ცხოვრებაზე საუბარი. ზოგჯერ კი, ესეც ზედმეტია: ერთი შემოხედვა და რენტგენზე ხარ გატარებული.
მახსენდება ასეთი შემთხვევა: ორიოდე წლის წინ დამიკავშირდა ისრაელის ელჩი საქართველოში და მთხოვა, ლელა კაკულიას შემახვედრეო. შევათანხმეთ დრო და წავედით. ელჩს თან ახლდა პირადი დაცვა _ ძალზე სასიამოვნო, გონებამახვილი ადამიანი, სახელად იოსები. ის გზაში ხუმრობანარევი კილოთი კიცხავდა საკუთარ შეფს, უკვე დიდი ხართ, რა გინდათ, სად მიდიხართ, ასეთი რაღაცეების როგორ გჯერათო. მივედით წინასწარმეტყველთან, სტუმარ-მასპინძლური ცერემონიების ჩათავების შემდეგ ჩაის მაგიდას მივუსხედით. უცებ, ქალბატონი ლელა მომიბრუნდა, იოსებზე მიმანიშნა და მკითხა:
_ რაო, არ სჯერა ჩემი?
სასტიკად ვიუარე, მსგავსი არაფერი უთქვამს-მეთქი.
_ როგორ არა, ვხედავ, რომ არ სჯერა. ახლა რასაც გეტყვი, სიტყვა-სიტყვით უთარგმნე: ეს კაცი ებრაელი არ არის, არც არაბია. რაღაც უცნაური ჯიშისაა. ერთი კითხე, სადაურია?
ნათქვამი გადავთარგმნე...
იოსებს ღიმილი სახეზე შეაშრა:
_ მე დრუზი ვარ. _ თქვა დამარცხებული კაცის ტონით.
მისი ასეთი რეაქცია ქალბატონი ლელას ზუსტ ნათქვამს მოჰყვა. საქმე ისაა, რომ დრუზები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მცირერიცხოვანი სემიტური ტომია, რომლებიც არც ებრაელები არიან, არც არაბები.
წინასწარმეტყველი კი განაგრძობდა:
_ ჯიბეში რაღაც ნაციონალური ავგაროზი უდევს, რომლის ნახვის უფლება არავის აქვს და მაგასაც არავისთვის უნახებია...
და მისი აღწერა დაიწყო.
ნათქვამს სინქრონულად ვუთარგმნიდი გაფითრებულ იოსებს. როცა ჯერი ავგაროზის აღწერაზე მიდგა, შეშინებულმა ყვირილი დაიწყო: გააჩერე, მაგისი აღწერა არ შეიძლებაო! როგორც ჩანს, ლელა ძალზე დეტალურად `ხედავდა~ იოსების თილისმას და სწორედ ამან შეაშინა იგი.
ამაზე საოცარი იყო შემდეგი ისტორია:
ერთ დღეს ჩვეულებრივი, ზოგადი საუბრისას ქალბატონმა ლელამ მოულოდნელად მითხრა, ისრაელის ხელმძღვანელს კლავენო. განცვიფრებისგან სიტყვა პირზე შემაშრა. გამაოცა არა იმან, რომ სრულიად განყენებულ თემაზე საუბრისას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენა ისრაელი (საერთოდ, მას ახასიათებს ასეთი უცაბედი გადახვევები. შეიძლება რომელიმე კერძის რეცეპტზე გელაპარაკებოდეს და უცბად რამე გკითხოს შვილზე, სამსახურზე, პოლიტიკურ ვითარებაზე, მოკლედ, ნებისმიერ სხვა თემაზე. ასეთ შემთხვევაში, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იფიქრებს, რომ ლელა უყურადღებოდ უსმენდა... არ დაიჯეროთ! მისი თითოეული სიტყვა განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და თუკი რამეზე იწყებს ლაპარაკს, უნდა იცოდეთ, რომ ეს თემა ახლო მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს), არამედ იმან, რომ ვინმე მოახერხებდა ისრაელის უპრეცედენტოდ კარგად დაცული პრემიერ-მინისტრის, იცხაკ რაბინის მოკვლას. შევიცხადე, გამორიცხულია-მეთქი.
_ მე ჩემი მითქვამს. გეუბნები, მკვდარს ვხედავ! _ მითხრა კატეგორიულად.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფურცელზე საკუთარი ხელით დავაწერინე ეს წინასწარმეტყველება (სხვათა შორის, ეს `დოკუმენტი~ დღემდე ჩემთან ინახება), ზედ მეც წავაწერე, მოწმე ვარ-მეთქი და შევინახეთ...
სამი თვის შემდეგ იცხაკ რაბინი მოკლეს!!!
_ ბატონო თემურ, რას იტყვით ლელა კაკულიას გლობალურ პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებზე?
_ ეს მართლაც განსაკუთრებული თემაა. შინაურებმა და ახლობლებმა ვიცით, რომ ქალბატონი ლელა, პრაქტიკულად, არ კითხულობს გაზეთებს, არ უყურებს საინფორმაციო გადაცემებს და პოლიტიკურ დებატებს, არ უსმენს პოლიტოლოგთა ანალიზს. ამდენად, გამორიცხულია, ნანახისა თუ გაგონილის მიხედვით გააკეთოს რაიმე სახის ანალიზი და გამოიტანოს ლოგიკურ დასკვნა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აი, მასთან კონსულტაციებზე მოსული პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები კი მრავლად მინახავს. მერე წასულან ეს ადამიანები, საქართველო არ უკმარიათ, უცხოეთში გამოუქვეყნებიათ ნაწინასწარმეტყველევი მოვლენები, ოღონდ ყველაფერი საკუთარი გამჭრიახობისა და პოლიტიკური აზროვნების ნაყოფად გაუსაღებიათ. ამით ქულები დაუგროვებიათ და სახელი მოუხვეჭავათ. მე თქვენ გეტყვით, პროგნოზები არ გამართლდებოდა!!!
ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ლელა კაკულიამ 10-15 წლის წინ იწინასწარმეტყველა. მათი უმეტესობა გაზეთებსა და ჟურნალებში ქვეყნდებოდა და ადამიანებმა იციან ამის შესახებ.
მე საკმაო ხანს ვიყავი აჟიტირებული ლელა კაკულიას ნათქვამით, ისრაელმა ტერიტორიები თუ დათმო, ღმერთი დასჯისო. რა თქმა უნდა, ეს წინასწარმეტყველებაც გამართლდა სხვათა მსგავსად. ისრაელს ჰყავდა სამი ისეთი პრემიერი, რომლებმაც ტერიტორიების პალესტინისთვის გადაცემა დაიწყეს და ნახეთ, როგორ დაამთავრეს: პირველი _ პრემიერი ბეგინი, გადადგა და საერთოდ გაქრა პოლიტიკური არენიდან; მეორე _ იცხაკ რაბინი, მოკლეს და მესამე _ არიელ შარონი, ყველამ იცით, რა მდგომარეობაშიცაა.
ეს ყველაფერი ფაქტებია. თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკური თვალთახედვით ტერიტორიების დაბრუნება შესაძლოა საუკეთესო გამოსავლად ჩაითვალოს. მითქვამს კიდეც ამის თაობაზე ქალბატონი ლელასთვის, რაზეც ის მპასუხობს:
_ მე არ მაინტერესებს შენი პოლიტიკა. ვხედავ, რომ ეს შეცდომაა!
უკვე რამდენი წელია, გამუდმებით საუბრობენ ისრაელისა და არაბული სამყაროს დაპირისპირებაზე. ლელამ აქაც შეიტანა საკუთარი კორექტივები და ხელი პირდაპირ ირანისკენ გაიშვირა. მე ვეუბნებოდი, ირანი არაფერ შუაშია-მეთქი, ის მიმტკიცებდა, სწორედ ირანია ავანგარდიო. თავად განსაჯეთ, ვინ გამოდგა მართალი!
მოკლედ რომ ვთქვა, ლელა კაკულიას უკლებლივ ყველა პოლიტიკური წინასწარმეტყველება სრულდება. უბრალოდ, ხანდახან მისი ტერმინოლოგია არ ემთხვევა საყოველთაოდ მიღებულს და მავანს ჰგონია, რომ მან რაღაც არასწორად თქვა. აი, მაგალითად: ლელამ მრავალი წლის წინ იწინასწარმეტყველა მსოფლიო პოლიტიკაში ოსამა ბინ ლადენის გამოჩენა. მაშინ მასზე არავინ საუბრობდა ერთი უბრალო მიზეზის გამო: ბინ ლადენის არსებობა არავინ იცოდა. წინასწარმეტყველმა დაწვრილებით აღწერა მისი გარეგნობა და თქვა, უცნაური რამ მეწერება ხედვაში, ეს კაცი, თითქოს, შახიაო... არავითარი უზუსტობა. ბინ ლადენი დიდებულთა ფენას მიეკუთვნება და შახი არა, მაგრამ შეიხი კი ნამდვილადაა.
_ ამბობენ, რომ ლელა კაკულია მეტად არაორდინალური ქალბატონია და უჩვეულო გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს.
_ არაორდინალური და თანაც კაპრიზული, მაგრამ უანგარო და უკეთილშობილესი. ერთხელ ჩემი თანდასწრებით მთელი დღე ეხვეწებოდნენ მიეღო ერთი მაღალი თანამდებობისა და ასევე მაღალი მატერიალური შესაძლებლობის კაცი, რომელიც გაწეული დახმარების საფასურად სოლიდურ გასამრჯელოს პირდებოდა წინასწარმეტყველს. ლელამ თავი გაიკლა და არაფრით დათანხმდა. არ მცალიაო, გამოაცხადა. ამ დროს დარეკა ტელეფონმა და ვიღაც სრულიად უცნობ ქალს, რომელიც ძალიან აფორიაქებული გახლდათ და, მიზეზთა გამო, წინასწარმეტყველსაც არ დააკლო საყვედურები, ლელა მთელი ორი საათის განმავლობაში ესაუბრა. პირველად ვნახე, როგორ მოთმინებით, უდრტვინველად უსმენდა ქალბატონი ლელა რაღაც ფსევდოზოგადსაკაცობრიო პრობლემებით შეპყრობილ ადამიანს, როგორ ამშვიდებდა და უხსნიდა მას სიტუაციებს, აძლევდა ძალზე ფასეულ რჩევებს შვილის მომავალთან დაკავშირებით (რომელიც უცნობს საერთოდ არ უხსენებია). მოკლედ, მოუცლელობის საბაბით მაღალანაზღაურებადი ვიზიტორი უარით გაისტუმრა, ხოლო უცნობთან სატელეფონო საუბარში კარგა დრო დახარჯა. არადა, რომ გეკითხა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა. იცით, ის სულაც არ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატერიალურ მხარეს. მის სახლში ყველაფერი ჩხუბითაა გაკეთებული. კითხვა _ `რად მინდა, ეხლა, მე ეს, რაში მჭირდება?~ _ ჩვეულებრივი ფრაზაა ნებისმიერი ახალი შენაძენისას. ის სხვა სიღრმეებით ცხოვრობს და იმ პლასტებში ფულს ფუნქცია არა აქვს. სხვათა შორის, არც ადამიანის სოციალურ და თანამდებობრივ მდგომარეობას აქცევს ყურადღებას. მისთვის ყველა ადამიანი ერთია.
_ ქალბატონ ლელას პირად არქივში მრავალი საინტერესო ფოტოა დაცული, რომლებზეც არა მხოლოდ სხვადასხვა სფეროს გამოჩენილი მოღვაწეებისა და პოლიტიკური ლიდერების, არამედ მაღალი თანამდებობის პირების სახეებიცაა აღბეჭდილი. თავად თუ შესწრებიხართ ასეთ სტუმრებს?
_ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ საქართველოში არ მეგულება სერიოზული პოლიტიკური მოღვაწე, ძლიერი ბიზნესმენი და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი, რომლებიც ლელა კაკულიასთან არ ყოფილან! დიახ, პირადად ვარ მომსწრე მრავალი ასეთი ვიზიტისა და უფრო მეტიც: ისეთებისაც, რომლებიც ფირზე არ აღბეჭდილა. მინახავს ერთი კარიდან შესული პოზიციის წარმომადგენელი და მეორე კარიდან გასული ოპოზიციონერი. ასეთები ბევრნი ყოფილან, თითქმის ყველა ძალიან ცნობილი სახე.
_ ბატონო თემურ, ის ადამიანები, რომლებიც ვანგასთანაც ყოფილან და ლელა კაკულიას ფენომენსაც იცნობენ, ერთხმად აღიარებენ ქართველი წინასწარმეტყველის უპირატესობას. თქვენ რა აზრისა ბრძანდებით ამასთან დაკავშირებით?
_ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ლელა კაკულია გაცილებით ძლიერი ფენომენია რამდენიმე მოსაზრებით: წინასწარმეტყველებისთვის მას არაფერი სჭირდება გარდა სახელისა და ასაკისა. ვანგასთან მიმსვლელს აუცილებლად უნდა მიეტანა შაქრის ნატეხი, რათა ნათელხილვისას კავშირი დაემყარებინა პიროვნების არამატერიალურ სხეულთან; ლელა კაკულია ძალზე მარტივად წინასწარმეტყველებს პიროვნებაზე, რომელიც არასდროს უნახავს და, ალბათ, ვერც ვერასდროს ნახავს. ვანგასთან აუცილებლად პირადად უნდა მისულიყო დაინტერესებული პირი ან ვინმე, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია კონკრეტულ ადამიანთან; ქალბატონი ლელა ჭვრეტს გლობალურ პოლიტიკურ პრობლემებს. ვანგაც აკეთებდა პოლიტიკურ პროგნოზებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას შეეხებოდა. მაგალითად, თუ ბულგარეთის მთავრობის ხელმძღვანელის, თოდორ ჟივკოვის (რომელმაც ნათელმხილველი ეროვნული ღირსშესანიშნაობის რანგში აიყვანა და სწორადაც მოიქცა) გარშემო რაიმე ცვლილება იყო მოსალოდნელი, ვანგა ამას აუცილებლად დაინახავდა, მაგრამ ზოგადი პოლიტიკური წინასწარმეტყველება არ შეეძლო.
_ ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. ვგულისხმობ, რომ ზენაარმა სწორედ ასე ჩაიფიქრა: საუკუნეთა მანძილზე თანდათანობით გაძლიერებულიყო ნათელმხილველთა შესაძლებლობები და მოცემულ ეტაპზე ღვთიური ნიჭი ყველაზე დიდი დოზით სწორედ ლელა კაკულიაში უნდა დავანებულიყო.
_ ეს რომ ჭეშმარიტად ღვთიური ფენომენია, ამაზე ქართველი წინასწარმეტყველის ღრმა ეკლესიური ცხოვრებაც მიუთითებს და მისი მჭიდრო მეგობრობაც ეკლესიის მსახურებთან. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ლელა კაკულიას, როგორც ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს და, აქედან გამომდინარე, მე თანდათან მიმყარდება აზრი, რომ ლელა კაკულიას აქვს განსაკუთრებული მისია ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ქალბატონი ლელა არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ჩვენს საკუთრებად. მართალია ის ქართველია და ამას ყველგან ხაზგასმით აფიქსირებს, მაგრამ მისი ხილვები მსოფლიოს მოიცავს და წინასწარმეტყველის ფენომენით მთელმა სამყარომ უნდა ისარგებლოს.

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top