თამაზ მაღლაკელიძე

ცნობილი ადამიანები

თამაზ მაღლაკელიძე _ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; წარსულში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო სამსახურის უფროსი; `გაერთიანებული ქართული ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ თამაზს საქართველოს მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავა, ის საკმაოდ ცნობილი ადამიანი გახლდათ. თუმცა კიდევ უფრო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2003 წლის დეკემბერში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ორმოცი დღის განმავლობაში ეძებდნენ მას თითქმის მთელი საქართველოს სამართალდამცავები.
ორმოცი საშინელი, გაუთენებელი ღამე გაატარა ხელ-ფეხდაბორკილმა და პირაკრულმა თამაზ მაღლაკელიძემ დიღმის ტყეში, ნამდვილ საფლავში _ ვიწრო ორმოში, რომლის სიღრმე ერთი მეტრი იყო, ხოლო სიგრძე _ ადამიანის სიმაღლე. იგი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრებმა, გიორგი ბარამიძემ და ვალერი ხაბურძანიამ თავად ამოიყვანეს გატაცებული ორმოდან, რომელთან მისასვლელები დანაღმულიც კი ყოფილა. თამაზ მაღლაკელიძეს ვეღარ იცნობდით: ცივი ზამთრის ორმოც დღეში ოცდაათი კილო დაეკლო და სერიოზულად შერყეოდა ჯანმრთელობა; ორივე მხრიდან ამომდგარ მინისტრებსდაყრდნობილი ძლივს მოძრაობდა და საუბარი უჭირდა.


`ჩემი და ქალბატონი ლელას ნაცნობობის ისტორია დაახლოებით ათ წელს ითვლის. შემთხვევით და სრულიად დაუგეგმავად გავიცანი _ მეგობარმა გამაცნო; ერთად ვიყავით სადღაც და მითხრა, დღეს მივდივარ ერთ ძალიან საინტერესო და უჩვეულო ქალბატონთან და შენც წამოდი, თუ გინდაო. რა თქმა უნდა, მითხრა, უჩვეულოში რაც იგულისხმებოდა. მაშინ ლელა კაკულიაზე არაფერი მსმენოდა, უბრალოდ, მაინც უნდა დავლოდებოდი მეგობარს და ვიფიქრე, ავდგები და ამ დროს საინტერესო ადამიანის გასაცნობად გამოვიყენებ-მეთქი. რაღაც განსაკუთრებით მოვემზადე შინაგანად, რომ თუკი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი მეკითხა და გამომეცადა, დავრწმუნებულიყავი, მართლა უჩვეულო ფენომენთან მქონდა თუ არა საქმე...
ლელა კაკულიას არაჩვეულებრივობა იმავე წამს ვიგრძენი, რა წამსაც ალაპარაკდა. მან საოცარი სიზუსტით ისაუბრა ჩემ თვისებებზე, ხასიათზე, იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანი ვარ (რაც ყველაზე კარგად, ალბათ, მე ვიცოდი)... ხომ შეუძლებელია, წარმოუდგენელია ადამიანის ფიქრის გამოცნობა? ლელა კაკულიამ ამაზე უფრო მეტი გააკეთა: ისეთი რამეებიც მითხრა, რაზეც არ ვფიქრობდი! სწორედ ეს იყო პირველი და უმთავრესი მიზეზი, რითაც ჩემი სიმპათია დაიმსახურა.
მერე და მერე, როცა ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენ ლამის ერთმანეთის ოჯახის წევრებად ვიქეცით, რა თქმა უნდა, ბევრჯერ მოუცია ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც მარტო მე კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს გამოადგა.
სიმართლე გითხრათ, უკვე რამდენიმე წელია, ქალბატონ ლელას არ ვაწუხებ ზედმეტი შეკითხვებით; მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს და ვცდილობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართო, როცა განსაკუთრებული დაძაბვა ჭირდება გონებას, ანუ არჩევანია გასაკეთებელი რამდენიმე გზას შორის. არ მახსენდება შემთხვევა, რომ არ გამეთვალისწინებინოს მისი რჩევები და საპირისპირო გამეკეთებინოს. არასდროს მინანაია, რომ დამიჯერებია. ლოგიკურია, არა? თუკი ადამიანი ხედავს დაფარულს და იცის, როგორ შეიძლება დასრულდეს ესა თუ ის მოვლენა, რატომ არ უნდა გამოიყენო ასეთი ფენომენალური უნარი, არ მესმის.
ის გეუბნებათ იმას, რასაც ხედავს; და რასაც ხედავს, იმ მოვლენებს ვერ დახატავს ისე, როგორც მას ან სხვას სურს.
ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ხანმოკლე იყო, ამიტომ ქალბატონმა ლელამ მითხრა, რომ დაწერდა ყველაფერს, რასაც ჩემთან დაკავშირებით ხედავდა და ისე მომაწვდიდა. ასეც მოიქცა. სხვათა შორის, ჩანაწერებში დაფიქსირებული იყო იმ ცნობილი განსაცდელის შესახებაც, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მოხდა. ქალბატონმა ლელამ ეს ასეთი ფორმით გადმოსცა: შემთხვევა მოხდებოდა სადარბაზოსთან, მესროდნენ, მაგრამ ამცდებოდა ტყვია, გადავრჩებოდი და აბსოლუტურად უვნებელი გამოვიდოდი სიტუაციიდან.
შემთხვევა მართლაც სადარბაზოსთან მოხდა, მართლაც იყო შეშინების მცდელობები და იარაღის ტრიალი (მერე გამტაცებლები მეუბნებოდნენ, რომ მათ შეეშინდათ და კინაღამ გაუვარდათ იარაღი, მაგრამ ასე არ მოხდა, ანუ `ამცდა ტყვია~) და საბოლოოდ მართლაც უვნებელი გამოვედი სიტუაციიდან. სხვათა შორის, ზუსტი გამოდგა ლელა კაკულიას მიერ დასახელებული პერიოდიც, ანუ შუალედი, როცა უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი.
ქალბატონი ლელა განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდა ჩემი გატაცების საქმეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს უფრო ახლოს რომ ეთანამშრომლათ მასთან, შეიძლება ბევრად ადრე დამთავრებულიყო ეს ამბავი. საქმე ისაა, რომ
მან მიანიშნა იმ მთაზე, სადაც დატყვევებული ვყავდი გამტაცებლებს, მაგრამ ამან ვერ მიიქცია იმდაგვარად ყურადღება, რომ იქ ძებნა დაეწყოთ.
სამართალდამცავებს ეგონათ, რომ ქალაქში ვიყავი, სადღაც სარდაფში. ვერავინ წარმოიდგინა, რომ ტყეში, სადაც არც კარავი იყო, არც რამე დროებითი ნაგებობა, არც სახლის სახურავი ჩანდა, იქნებოდნენ გამტაცებლები და გატაცებული ადამიანი. ამიტომ ვერ დაიჯერეს ლელა კაკულიას ნათქვამი. ანუ სამართალდამცავებს, ასე ვთქვათ, რეალური საფუძველი არ ქონდათ, რომ ტყეში სიარული და ძებნა დაეწყოთ. ზემოხსნებულ საფუძველზე კი სტრუქტურა არ მუშაობს, ეს ჯერჯერობით სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. არადა ქალბატონი ლელა თავად დაუკავშირდა ჩვენ საერთო მეგობრებს და წაიყვანა ჩემ `საძებნელად~. მთისკენ მოძრაობის მიმართულებაც თავად აირჩია. დათო (დავით კვირკველია. _ რედ.) და ჩვენი მეგობრები ზედმეტად ხელს არ უშლიდნენ, ჩუმად იყვნენ და უყურებდნენ, როგორ აჩვენებდა ქალბატონი ლელა გზას. საბოლოოდ ეს გამოდგა სწორი მიმართულება. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ
ტყვეობაში კარგად მახსოვდა ქალბატონი ლელას ნათქვამი, რომ ყველაფერი ზღაპარივით კარგად დამთავრდებოდა და სწორედ ეს იყო ერთადერთი, რაც მთელი 40 დღის მანძილზე მამხნევებდა და ძალას მაძლევდა.
ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორი და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იქით გამატეხინა გამტაცებლები. საინტერესო და უცნაური რა იყო, იცით? მე დაბმული ვიყავი, საერთოდ ვერ ვმოძრაობდი, ეს ხალხი კი გარეთ გადიოდა, მოძრაობდა, მორიგეობით მდარაჯობდა და ბოლო დღეებში მაინც საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდნენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ის კი არა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მათ შეიპყრობდნენ, მოილაპარაკეს, რომ გავეშვი იმ პირობით, რომ რაღაც გარკვეულ თანხას მერე მივაწვდიდი მათ. პრინციპში, მიშვებდნენ; აღარ შეეძლოთ მეტის გაძლება.
მოკლედ, ორმოცი დღის შემდეგ სპეცოპერაციის შედეგად გამათავისუფლეს. იმავე ღამეს დავურეკე ქალბატონ ლელას და თავიდან წავაკითხე ის, რაც მას დაფიქსირებული ქონდა ჩემზე რვეულში. იცით, ძალიან განერვიულებული იყო. მას არ ჭირდებოდა ჩემთან ზედმეტი ფიცი, მაგრამ იფიცებოდა კიდეც, რომ ყოველდღე მაქსიმალურად იყო ჩართული ამ საქმეში... ცოტა ნაწყენიც იყო, რომ მის ნაჩვენებ გზას და მიმართულებას დროულად არ გაყვნენ; მე ხომ სწორედ იმ მთაზე ვყავდი გამტაცებლებს, რომელიც მან დაასახელა?! ვეუბნებოდი, რომ სამართალდამცავებისთვის ცოტა ძნელი იყო მისი სიტყვების დაჯერება, რომ ისინი შიშობდნენ, ვაიდა, ინფორმაცია სწორი არ გამომდგარიყო, ამ შემთხვევაში არ დაკარგულიყო დრო ტყეში ზედმეტ სიარულსა და ჩხრეკაში და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოოდ, სწორედ მათი ყველა თავდაპირველი ვერსია აღმოჩნდა არასწორი. არავინ გაითვალისწინა, რომ იმ პერიოდში მე წარმოვადგენდი ბანკს და შესაძლებელი იყო, რომ სწორედ ბანკზე ყოფილიყო გათვლილი ჩემი გატაცება. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ასეც იყო. მე ვმართავდი ბანკს და გამტაცებლები ფიქრობდნენ, ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება შემეძლო და ყველაფერი მეცოდინებოდა. ამ დროს ბიზნესში, რომელსაც ბანკი ქვია, ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. ეს გამორიცხულია! ამიტომ იყო ისეთი სულელური კითხვები, როგორებიცაა: ვის რამდენი ფული აქვს ანგარიშზე? სალაროს გასაღები ვის აქვს? რა არის სვიფტის კოდი და ასე შემდეგ. ეს ისეთი რამ არის, რომც გაინტერესებდეს, არ გეცოდინება _ პაროლი ყოველდღე იცვლება. ეს მათ არ იცოდნენ. ახლა, ბანკირი მაინცდამაინც ბანკირმა როგორ უნდა გაიტაცოს, რომ ყველა წვრილმანში ერკვეოდეს?!
სხვათა შორის, გამტაცებლები ჩემ ნათქვამს მერე ამოწმებდნენ და აზუსტებდნენ, ამაში კიდევ ზედმეტი დრო დაიკარგა, თორემ მანამდე შეიძლებოდა რამე ნაბიჯი გადაედგათ და გამოსასყიდი თანხა ადრევე მოეთხოვათ, ანუ ადრევე გაბმულიყვნენ მახეში.
თემას გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა. არა იმიტომ რომ კონკრეტულად მე _ თამაზ მაღლაკელიძე ვიყავი გატაცებული და ჩემი სიცოცხლე იყო საფრთხეში, არა. ზოგადად, ადამიანის გატაცების თემა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ყაჩაღური ჯგუფი, რომლიც ამით არის დაკავებული, არ შეიძლება თავისუფლად დათარეშობდეს.
ახლა სხვა, კიდევ უფრო საოცარ ამბავს გიამბობთ, ოღონ სახელებისა და გვარების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
ერთ დღეს საქართველოში გამოჩნდა ძალიან სერიოზული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აპირებდნენ, გეგმავდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სიკეთის გაკეთებას. ამ ჯგუფს ძალიან დავჭირდი მე, ამიტომ მოვიდნენ და დამელაპარაკნენ. ერთი-ორი დღე აქტიურად ვიმუშავეთ კიდეც ერთმანეთთან. ამ პერიოდში მომიწია ქალბატონ ლელასთან ტელეფონით საუბარმა და ბარემ ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა.
ახლა წარმოიდგინეთ სურათი: მივედი მასთან, გამარჯობა ვუთხარი, დავჯექი და... ამ ორი დღის განმავლობაში რაც კი ვილაპარაკე იმ ჯგუფის წარმომადგენლებთან, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მომიყვა! იმდენად ზუსტად გადმომცა ჩვენი საუბრის შინაარსი, რომ ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, იმ ჯგუფის რომელიმე წევრი იყო-მეთქი მასთან. ვკითხე კიდეც, ვინმე ხომ არ ყოფილა ამ საკითხზე სასაუბროდ-მეთქი. რა თქმა უნდა, Eეს მცდარი აზრი იყო და მხოლოდ იმიტომ დამებადა, რომ მანამდე ასეთი შემთხვევა ქალბატონ ლელასთან ურთიერთობაში არ მქონია, ანუ მასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევა არაერთგვაროვანი იყო ხოლმე. გაოგნებული დავრჩი, დაბნეული წამოვედი. პრინციპში, იმ ეტაპზე ჯერ საკითხავი არც იყო არაფერი და არც მიკითხავს, მაგრამ ქალბატონმა ლელამ მითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ჩამეყენებინა საქმის კურსში, რათა რჩევები მოეცა. ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღიურად ვურეკავდი და კონსულტაციას მიწევდა. საინტერესო რა იყო იცით? იმდენად მარტივად ხსნიდა ლოგიკურ კვანძებს, თითქოს ეს ყველაფერი მისი პირადი საქმე იყო და მის თვალწინ ხდებოდა, არადა საერთოდ სხვა კონტინენტზე ვითარდებოდა მოვლენები. ბოლოს ქალბატონმა ლელამ გამაფრთხილა, რომ ამ საქმეს არავითარ შემთხვევაში არ გავკარებოდი, თორემ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა; თანაც არა მარტო მე, არამედ ჯგუფის ყველა წევრი დავღუპულიყავით. არადა მეორე დღეს უკვე გამგზავრებას ვაპირებდით უცხოეთში. თუმცა ისიც მითხრა, წამოწყება რომ მიატოვო და არ წახვიდე იქ, სადაც საქმე მოითხოვს შენს წასვლას, მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს სინანული, იქნებ რამე გამოსულიყოო; ეს კი უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას მოგაყენებსო. მართლა ასე იყო, რომ დავფიქრდი. საქმე საქართველოს ეხებოდა და ძალიან მინდოდა, წარმატებით დაგვირგვინებულიყო. ვკითხე, კი, მაგრამ, რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს-მეთქი? მაშინ წადიო, მითხრა, ოღონდ არ დაგავიწყდეს, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა ჩემთან შეუთანხმებლად, თორემ მართლა ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერიო. ავდექი და ხსენებული ჯგუფის წევრებსაც ვუამბე ეს, მათ შორის იმ კაცსაც, პირველად ვინც მოვიდა ჩემთან ჯგუფის სახელით.
ახლა, საქმე რა იყო.
თურმე ამ კაცმა თავიდანვე დაგვიმალა მეც და დანარჩენებსაც ერთი ნიუანსი, ქალბატონმა ლელამ კი მითხრა ის, რაც იმან დამალა!
ჰოდა, ეს ნიუანსი რომ ვახსენე, მკითხა, კი, მაგრამ, ეს მე გითხარიო? არ გითქვამს-მეთქი. არა, პრინციპში, არ გეტყოდი, იმიტომ, რომ არც ვაპირებდი ამის გამხელასო, გამომიტყდა, მაგრამ შენ საიდან იციო? არ მომასვენა, ერთი საათი ცდილობდა გაეგო, საიდან ვიცოდი ის, რაც მის გარდა არავინ იცოდა. ბოლოს, ლამის პანიკაში ჩავარდა და იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ არსებობდა ასეთი ქალბატონი _ ლელა კაკულია, რომლისთვისაც დამალული და დაფარული არაფერია. საოცრად დაინტერესდა ეს კაცი მასთან შეხვდრით. სიმართლე გითხრათ, ცოტა ზღაპრად მომეჩვენა უცბად წამოხტომა და ერთ საათში ლელა კაკულიასთან გაჩენა. ხომ შეიძლებოდა, არ ცლოდა, ან გუნებაზე არ ყოფილიყო, ან დაღლილი ყოფილიყო, ან, ხშირად წნევები აქვს და, შეუძლოდ ეგრძნო თავი? ამიტომ ვუთხარი, გამორიცხულია-მეთქი. იმდენი მეხვეწა, იმდენი, რამე მაინც კითხე ჩემზეო, რომ მაიძულა, დამერეკა ქალბატონ ლელასთან და მეკითხა რამე მის შესახებ. ხმამაღლა მოლაპარაკით _ `სპიკერფონით~ ავკრიფე ნომერი და...
ლელა კაკულია სამი საათის განმავლობაში მიყვებოდა ამ კაცის შესახებ ისეთ რამეებს, რაც მე კი არა, მისი ოჯახის წევრებმაც რომ არ იცოდნენ.
არ ცხოვრობდა ეს კაცი საქართველოში კარგა ხნის მანძილზე და გასაკვირიც არაა, რომ უცხოეთში მოღვაწეობის პერიოდზე თვით ოჯახსაც არ ქონოდა მასზე დაწვრილებითი და ზუსტი ინფორმაცია. მოკლედ, კაცი ჭკუიდან გადადგა, ლაპარაკს არ მაცლიდა _ წამიყვანეო, პარალელურად მეხვეწებოდა, ძლივს ვამალინებდი ემოციებს, რომ ქალბატონ ლელას არ გაეგო, ისიც იქვე, გვერდში რომ მეჯდა. თუმცა ეს სრულიად უშედეგო მცდელობა იყო, იმიტომ, რომ ვიცოდი, ქალბატონი ლელა მაინც მიხვდებოდა ამას. ბოლო-ბოლო, რას მალაპარაკებ ამდენსო, მითხრა, რახან ეგრე გინდათ, ამოდითო და ჩვენ გვიან ღამით ვესტუმრეთ მას.
რაღაც მომენტში მე ცოტა ხნით დავტოვე ისინი სალაპარაკოდ და რამდენიმე წუთით გავედი. როცა ოთახში დავბრუნდი, ჩემ პარტნიორს უკვე აბსოლუტურად სხვა ფერი ედო სახეზე. ეტყობოდა, ძალიან ღრმად `გაეჩხრიკა~ ქალბატონ ლელას მისი ცხოვრება. ბოლოს უთხრა, იქნებ შენ ხვალ არ გაემგზავრო, დარჩე და სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროვო. ამან უთხრა, არაფერი არ მაწუხებს, წავალ, ჩამოვალ და მერე გამოვიკვლევო. ქალბატონმა ლელამ კი დაიჟინა, მაინც გირჩევ, არ წახვიდეო...
დილის ოთხ საათზე დავემშვიდობეთ მასპინძელს. შუადღით, თორმეტ თუ პირველ საათზე უნდა გავფრენილიყავით, ამ კაცს უნდა დაერეკა ჩემთვის და გავეღვიძებინე _ ასე ვიყავით მოლაპარაკებულები, მაგრამ გახდა ათი საათი, თერთმეტი და არ რეკავს. ვერც კი ვიფიქრე, რომ რამე შეიძლებოდა დამართნოდა _ შინ წავიდა და დაიძინა, რა უნდა მომხდარიყო? რომ აღარადააღარ გამოჩნდა, თავად გადავურეკე. მისმა შვილმა აიღო ყურმილი და მითხრა, რომ მამამისს სერიოზული პრობლემა ქონდა მუცლის ღრუსთან დაკავშირებით (არ მახსოვს ახლა, რა მითხრა მაშინ ზუსტად). რა თქმა უნდა, ჩვენი გამგზავრება გადაიდო. რაღაც დროის შემდეგ თავად ჩემმა პარტნიორმა დამირეკა და მითხრა, ყველაფერი გამიკეთეს, რაც შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი მეშველა და თხოვე ქალბატონ ლელას, იქნებ რაღაცა მირჩიოს, ძალიან ცუდ დღეში ვარო.
დავურეკე ქალბატონ ლელას და ვუთხარი, ასეთი და ასეთი ცუდი ამბავი მოხდა და რას ურჩევთ, რა გზას მიმართონ-მეთქი? მან მითხრა, რომ აუცილებელი იყო გაეკეთებინათ ოპერაცია, თანაც სასწრაფოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცი ვერ გადარჩებოდა.
ეს რომ ვთქვი, ოჯახიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ამიბა მხარი, დანარჩენები წინააღმდეგები იყვნენ, იმიტომ, რომ ექიმები ეუბნებოდნენ, ოპერაცია ჯერ არ არის აუცილებელიო.
მოხდა ისე, რომ ოპერაცია გაკეთდა მხოლოდ თორმეტი საათის შემდეგ. ქალბატონი ლელა მთელი ამ ხნის განმავლობაში _ დაახლოებით, სამ საათში ერთხელ მირეკავდა და მეკითხებოდა, რა ქნეს, გაუკეთეს თუ არა ოპერაციაო? სამწუხაროდ, მე არ შემეძლო უფრო აქტიურად ჩავრეულიყავი გადაწყვეტილების მიღებაში...
მოკლედ, როგორც იქნა, ოპერაცია გაკეთდა. კაცი კარგად იყო, ოღონდ ისევ საავადმყოფოში რჩებოდა. ჩვენ, დანარჩენმა ჯგუფმა ამასობაში, როგორც იტყვიან, მოვიარეთ უცხოეთი. ალბათ, თქმაც არ უნდა, რომ იქ მართლაც იყო ისეთი ხიფათი, რომელიც დაკავშირებული იყო სასიკვდილო საფრთხესთან. ამიტომ მე ყველა ეტაპზე ტელეფონით ვუკავშირდებოდი ქალბატონ ლელას და რასაც მეუბნებოდა, იმას ვაკეთებდი. ბოლო ეტაპზე მოცემული რჩევა იყო ის, რამაც გადაგვარჩინა ყველა და მშვიდობიანად დავბრუნდით შინ. ამით ქალბატონმა ლელამ ფაქტის წინაშე დამაყენა _ ხილულად დამარწმუნა რეალური საფრთხეების არსებობაში, რომ მერე სინანულის გრძნობას არ შევეჭამე. სხვათა შორის, იმ ქვეყანაში რა მოხდებოდა მომავალში, ისიც კი გვითხრა. თქვენ ტელევიზორებთან ისხდებით და მოისმენთ, რომ მაგ ქვეყნის პრეზიდენტი თქვენი ნაცნობი გახდებაო (მას მხედველობაში ყავდა ქალბატონი, ვისთანაც მივდიოდით). მართლა გახდა ის ქალბატონი იმ ქვეყნის პრეზიდენტი და ჩვენ ეს ტელევიზიით შევიტყეთ.
რომ ჩამოვედით, ის ჩვენი მეგობარი ისევ საავადმყოფოში დაგვხვდა; უკვე კარგად იყო და რამდენიმე დღეში უნდა გამოეწერათ კიდეც. ქალბატონ ლელას ჩვეულებრივი საუბრისას ვახარე, რომ ის კაცი კარგად არის-მეთქი.
ის გაჩერდა, ნირი შეეცვალა, სახეზე უცნაური გამომეტყველება გაუჩნდა _ რაღაც არასასიამოვნო. ბოლოს მითხრა, სამწუხაროდ, დაგვიანებულია ყველაფერიო; მეც ძალიან მომეწონა ეგ ადამიანი, კარგი კაცია, მაგრამ არ დამიჯერეს და ცოცხალი ვერ გამოვა საავადმყოფოდანო.
ეს იმდენად უცნაურად მომეჩვენა, მეტი რომ არ შეიძლება. ადამიანი კარგადაა, ხვალ გამოდის საავადმყოფოდან და ქალბატონ ლელას გარკვეულწილად შაყირის დონეზე ვეუბნები, ახლა ხომ მაინც დაგიჭირე-მეთქი (ჩასაფრებული ვარ, რა) და უცბად ასეთი სიტყვები...
მეორე დღეს მივედით საავადმყოფოში, კაცი ფეხზე დგას _ რაღაც ბოლო პროცედურებს გადის, ჩანთები გამოვიტანეთ და ველოდებით. აი, ისიც გამოვიდა პალატიდან და... ლიფტამდე მისვლა ვერ მოასწრო, შეტევა გაუმეორდა!!!
ხელმეორედ გაუკეთეს ოპერაცია...
გავიდა კიდევ ერთი თვე და ეს კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა...
ლელა კაკულიასთან დაკავშირებით გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ეს შემთხვევები იყო ყველაზე ემოციური ჩემთვის და ამიტომაც გიამბეთ ისინი.
ისე, რომ იცოდეთ, ლელა კაკულიას საოცრებებს ყველას არ ვუყვები. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას ჩემი საპროპაგანდო არაფერი ჭირს და არც ჭირდება ეს; მხოლოდ იმათთვის მაქვს ნაამბობი, ვინც ძალიან მენდობა, შინაურია და მიცნობს, ანუ თითო-ოროლა კაცისთვის გამიმხელია; და მეორეც: შეგნებულად ვარიდებ თავს ჩვენი ურთიერთობის აფიშირებას, იმიტომ, რომ მერე უამრავ ადამიანს უჩნდება ჩემი შუამავლობით მასთან შეხვედრის სურვილი. ყველას ვეუბნები, ვუხსნი, რომ ეს ქალბატონი არ არის დაკავებული ადამიანების ყოფითი და ყოველდღიური ცხოვრების გამოცნობითა და დანახვით, მაგრამ...
ერთი რამაცაა სათქმელი: ძალიან ბევრი ადამიანი არ არის მზად იმისთვის, მიიღოს ის, რასაც წინასწარმეტყველი ხედავს. მათ მხოლოდ იმის მოსმენა სურთ, რაც ეოცნებებათ, მაგრამ ლელა კაკულია მკითხავი ხომ არ არის, რომ ამოიღოს კარტი და რა კონფიგურაციაც დაჯდება, მერე რაღაცა წიგნებით გაარჩიოს შენი მომავალი.
ეს ქალბატონი ამბობს იმას, რასაც უფალი ანახებს და ვერანაირად იტყვის იმას, რაც ჩვენ გვინდა.
მას ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, ამა თუ იმ ადამიანისთვის ის რომ გამემხილა, რაც დავინახე, ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებდაო. არადა აძალებენ კიდეც, ყველაფერი მითხარიო. ეტყვის სიმართლეს და თუ ეს სიმართლე მავანისთვის მიუღებელია, არ იჯერებენ. გეკითხებით, რა აზრი აქვს მაშინ ლელა კაკულიასთან შეხვედრას მათთვის?!
საერთოდ, ჩემი ღრმა რწმენით, ლელა კაკულიას ამ კუთხით გამოყენება _ არცაა მართებული, იმიტომ, რომ არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები, ვიდრე კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესებია: დავიბრუნებთ თუ არა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, გამთლიანდება თუ არა საქართველო, ეწერება თუ არა მომავალში ჩვენი სამშობლო მსოფლიო რუკაზე, რა მოუვა ამათუიმ ქვეყანას, რა მოუვა მსოფლიოს, როცა ამდენი იარაღია შექმნილი და ვინ, როდის, სად და რა მიზნით გამოიყენებს, კაცმა არ ვიცით. ლელა კაკულია სწორედ ასეთ საკითხებზე მუშაობს და უნდა იმუშაოს კიდეც. ესაა მისი მიმართულება. ის, რაც ახლა ხდება პოლიტიკაში ჩვენ ქვეყანაში თუ მის გარეთ, ყველაფერი ბევრი წლით ადრე მაქვს მის ჩანაწერებში წაკითხული.
ახლა რასაც ვკითხულობ, უკვე აღარ მიკვირს, იმიტომ, რომ რაც მიკვირდა, ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ჩემთვის
გამოცანა ის არის, როგორ ხედავს, თორემ რომ ხედავს, ეს ფაქტია.
ზემოთ გითხარით, ახლობლები ვცდილობთ, ფენომენალური უნარის გამო არ შევაწუხოთ _ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით-მეთქი. ყველამ ვიცით ერთი რამ, რომ თუ რაიმე ხდება ჩვენ ცხოვრებაში, იმას ისედაც დაინახავს და ისედაც გვეტყვის. ეს ერთგვარი დაცულობის შეგრძნებაა. ჩემი გატაცებიდან ოთხი წელი გავიდა, არც მძღოლი მყავს და არც დაცვა. ვარ ასე, მშვიდად. კარგია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩვენ გარშემო. ეს არა მარტო ჩვენთვის, კონკრეტული ადამიანებისთვისაა კარგი, არამედ საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს უპირველესად იმათ უნდა გაიაზრონ, ვინც სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ცოტა უფრო დიდი საჭეები უპყრიათ ხელთ.
მე ვიცი, რომ უცხოეთიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს მოუმართავთ ქალბატონი ლელასთვის
და რჩევა მიუღიათ, უფრო სწორად, ფენომენს საკუთარი ხედვა გადაუცია მათთვის. ძალიან ხშირად დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი (განსაკუთრებით პოლიტიკური მოღვაწეების ცხოვრებაში), როცა უნდა მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც გაუთვალისწინებელ შედეგთან არის დაკავშირებული, ანუ არ იცი, რა მოყვება ამა თუ იმ ნაბიჯს. როცა ლელა კაკულია აბსოლუტურად გასაგები ენით გეუბნება, რითაც დამთავრდება ყოველივე, ჯობს დაუჯერო. თუ არ დაუჯერებ, ესე იგი, გინდა, რომ ცუდი შედეგით დამთავრდეს.
არ მინდა გავამხილო, რაც საქვეყნოდ სათქმელი არ არის, მაგრამ ზოგადად მაინც გეტყვით:
გარწმუნებთ, თუ რაიმე კიდევ დალაგებულია დღეს საქართველოში და პრობლემად არ არის ქცეული, იქ ლელა კაკულიას წვლილი და ამაგი დევს; ოღონდ, არ ჩანს და არ ლაპარაკობენ ამაზე.
მე ვიცი, რასაც გეუბნებით! უბრალოდ, დაწვრილებით ვერ მოვყვები იმას, რა დონეზე გადაწყდა რაღაც სიტუაციები. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთები იუმორით ეკიდებოდნენ ფენომენის ნათქვამს, მაგრამ მერე ფაქტების წინაშე დგებოდნენ და ნანობდნენ, რომ შეცდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
მადლიერი ვარ უფლისა, რომ ასეთი ქალბატონი არსებობს და მასთან ურთიერთობა მაქვს. მინდა რომ ლელა კაკულია დიდხანს იყოს, ბედნიერად და, რაც მთავარია, ჯანმრთელად. იმიტომ, რომ მას ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ძალიან ბევრი გვანერვიულა, შეგვაშინა ყველა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა (სხვათა შორის, თავის ექიმებს თვითონვე ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო).
მე რომ ცოტა მეტი შესაძლებლობა მქონდეს, ამ ქალბატონს სულ სხვა კუთხითა და უფრო ნაყოფიერად გამოვიყენებდი. ამაზე ბევრს ვფიქრობ და თუ მომეცა ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ავასრულებ განზრახვას.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top