ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის..

რედაქტორის წერილები

სათაურში გამოტანილი გურამიშვილისეული ციტატა ნამდვილად არ ემსახურება ვინმეს შეურაცხყოფას ჩემის მხრივ. უბრალოდ, საქმე მოითხოვს, ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქვას. ხოლო ის, რომ ზოგიერთებს მართლაც ჭირდებათ დახმარება წაკითხულიდან ან გაგონილიდან აზრის გამოტანაში, ჯიუტი ფაქტია და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ.

 

თუმცა, სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ, ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ იმის დასტურად, რომ ზოგიერთები ფიქრსა და აზროვნებას მართლაც გადაეჩვივნენ... ან ეზარებათ... ან არ შეუძლიათ...

2009 წლის ივნისში ჩვენი, ანუ გაზეთის რედაქციის უყურადღებობის გამო სავალალო შეცდომა გაიპარა. გაზეთს სატიტულო ფურცელზე წინა გამოცემის თარიღი და ნომერი ეწერა, თუმცა ვიზუალურად იგი აბსულუტურად განსხვავებული იყო: თუ მაისის ნომერზე შავ ფონზე დანთებული სანთელი იყო გამოსახული, ივნისისაზე ღია ცისფრად აკიაფებული გაეროს ემბლემა იყო დატანილი, თანაც მთელ ფურცელზე. განსხვავება იმდენად დიდი იყო და თვალშისაცემი, რომ თავი დავიიმედე, თარიღისა და ნომრის მაჩვენებელ წვრილ შრიფტს ყურადღებას არავინ მიაქცევს, რადგან ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანს, რომ ეს სულ სხვა გაზეთია-მეთქი.

თქვენც არ მომიკვდეთ!

ტირაჟის ნაწილი უკან დაგვიბრუნდა, რადგან ბევრი არც თავად დაფიქრდა, ანუ თავი არ შეიწუხა, გონებას ძალა არ დაატანა და არც გაზეთების გამყიდველებს დაუგდო ყური, რომლებიც არწმუნებდნენ, ეს ახალი ნომერია, ელემენტარულ შეცდომასთან გაქვთ საქმეო.

ვიმედოვნებ, ეს მაგალითი საწყენად არ დარჩებათ ჩვენს ძვირფას მკითხველებს, რამეთუ ეს მხოლოდდამხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა, მეტი არაფერი, თორემ თქვენ რას გერჩით, საკუთარ შეცდომაზე თავად უნდა ვაგოთ პასუხი. 

ახლა, რაც შეეხება მიზეზს, რომელმაც ამ წერილის დაწერა მაიძულა. ეს 2009 წლის 17 ივლისს, საქართველოში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთში `ჯორჯია თუდეი~ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახლავთ.

მავანი იკითხავს, მას შემდეგ ამდენი დროა გასული, თუ პასუხის გაცემა გინდოდათ, აქამდე სად იყავითო?

გიპასუხებთ: საქმე ისაა, რომ ამ სტატიის არსებობა ახლაღა შევიტყვეთ ქალბატონი ლელას უცხოელი მეგობრისგან, რომელიც ორიოდე კვირის წინ გახლდათ ჩამოსული მასთან სტუმრად. ამ მეგობარმა ერთ დღეს, როცა ჩვეულებისამებრ,    ბევრს ეხვეწა ქალბატონ ლელას, წამოდი შვეიცარიაში საცხოვრებლად, რომელ სახლსაც დაადებ  ხელს, იმას გიყიდით, არაფერი მოგაკლდება, ნახავ, იქაური მთავრობა და საზოგადოება როგორ დაგაფასებს და გაგიფრთხილდებაო, და როცა ქალბატონი ლელასგან, უკვე მერამდენედ, მტკიცე უართან ერთად სასტიკი საყვედურიც მიიღო, დანანებით უთხრა: მაშინ დარჩი და ემსახურე ამ უმადურ ხალხს, შენი ფასი რომ არ იციან და წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ხარ. ერთი ნახე, რას წერენ შენზე გაზეთშიო.

დავინტერესდით და ინტერნეტით მოვიძიეთ. ვნახეთ პუბლიკაცია სათაურით `წინასწარმეტყველური გაზეთის გაყიდვა შემცირდა~, რაღა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე, ავტორი დავით ლობჟანიძე.

აჰა, გამახსენდა! ეს ის ლობჟანიძეა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ქალბატონ ლელასთან ინტერვიუსთვის აუდიენცია ითხოვა. მაშინ მას დელიკატურად აუხსნეს, რომ ლელა კაკულია არც ერთ ბეჭდვით გამოცემას არ აძლევს ინტერვიუს, ვინაიდან, რაც სათქმელი აქვს, იმას საკუთარ გაზეთში აქვეყნებს.

როგორც ჩანს, ბატონი დავითი პასუხმა არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, საკუთარი ძალებით ეცადა გაერკვია, თუ რატომ შემცირდა ჩვენი გაზეთის გაყიდვა, რაც, როგორც თავად წერს, ყოფილა კიდეც მისი არშემდგარი ინტერვიუს მთავარი კითხვა.

მოკლედ, ჟურნალისტი თბილისის ქუჩებში გასულა და გამოკითხვა ჩაუტარებია... თუმცა, სჯობს, სტატიის თავისუფალ თარგმანს აბზაც-აბზაც მივყვეთ და ერთად ვიმსჯელოთ... უფრო სწორედ, მავანთ წავეხმაროთ ანალიზის გაკეთებაში.

მაშ ასე, სტატია სათაურით

 

წინასწარმეტყველური გაზეთის გაყიდვა                                      შემცირდა.

 

აბზაცი პირველი:

`ლელა კაკულია საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს. იგი გამოსცემს გაზეთს, რომელიც სავსეა მისი პროგნოზებით და მისსავე სახელს ატარებს~.

                                                                დავით ლობჟანიძე.

 

ლელა კაკულია `საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს~ იმის გამო, რომ იგი აბსოლუტურად ზუსტად ხედავს მომავალს, თანაც არა მხოლოდ კონკრეტული პირებისას, არამედ მსოფლიოს მომავალს, და წინასწარ გვამცნობს მას. წინასწარმეტყველება კი სხვა არაფერია, თუ არა მომავლის წინასწარ ხილვის ფენომენი და დანახულის წინასწარ თქმა.

თანაც, რას ნიშნავს `საკუთარ თავს უწოდებს?~ პატივცემულმა დავითმა ეტყობა არ იცის, რომ ქალბატონ ლელას წინასწარმეტყველად აღიარებდა აწ განსვენებული მარგვეთის მიტროპოლიტი, მეუფე კონსტანტინე (მელიქიძე), ჭეშმარიტი ქრისტიანი, უზადო ღვთისმსახური და მართლაც `კრავი ღვთისა~, რამეთუ მან მთელი ცხოვრება მართლაც უფლის სამსახურში გაატარა და არა მიწიერი სიამოვნებისა და კეთილდღეობის ძიებაში.  მეუფემ არაერთი ზეპირი თუ წერილობითი კურთხევა მისცა ქალბატონ ლელას, როგორც წინასწარმეტყველს და ამის დამადასტურებელი ფაქტები რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ კიდევ გაზეთში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ `გამეორება ცოდნის დედაა~, აქვე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ამას გარდა, ლელა კაკულიას, როგორც წინასწარმეტყველს აღიარებს საქართველოს ეკლესიის მრავალი წარმომადგენელი _ `დიდი თუ მცირე~, რომლებიც დიდი სიხარულითა და სიყვარულით სტუმრობენ მას და სიამოვნებით ისმენენ მის ჩანაწერებს (აქ აღარაფერს ვიტყვი უწმიდესსა და უნეტარსეზე, რომელსაც არაერთხელ მოუსმენია ლელა კაკულიას ჩანაწერები განსაკუთრებული ყურადღებით). ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არაერთხელ შეგვითავაზებია მკითხველისთვის და ვისაც ისინი არ უნახავს, ისევ მივცემთ ამის საშუალებას.

აღარას ვამბობ ათასობით საერო პირზე, ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკური ისტებლიშმენტისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებზე _ საქართველოში მაცხოვრებელსა თუ უცხოელზე, რომლებიც საკუთარ მაგალითზე არაერთგზის დარწმუნებულან ლელა კაკულიას უნიკალურ ფენომენში და ამის თაობაზე  არაერთხელ უსაუბრიათ გაზეთთან ინტერვიუებში. 

 

აბზაცი მეორე:

`ცოტა ხნის წინ გაზეთის შემოსავლები შემცირდა, ვინაიდან კაკულიას პროგნოზების უმეტესობა მცდარი აღმოჩნდა~.

                                                                დავით ლობჟანიძე.

 

დიახ, გაზეთის ტირაჟმა მართლაც დაიკლო (თუმცა, არც იმდენად, რომ შადიმანებმა სიხარულით იკუნტრუშონ და აღტაცებისგან გონება დაკარგონ!), მაგრამ არა იმის გამო, რომ `პროგნოზების უმეტესობა მცდარი აღმოჩნდა~, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ეს ფაქტი ბევრად ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები და უზუსტესად დასახელებული ყველა ის მიზეზი, რომლებიც ტირაჟის კლებას გამოიწვევდა (ხელისუფლება, ოპოზიცია, რუსული სპეცსამსახურები და რა ვიცი, ვინ აღარ!). რედაქციის ყველა თანამშრომელმა, ქალბატონი ლელას მეგობრებმა და ახლობლებმა კარგად ვიცოდით, რომ ასეთი პერიოდი აუცილებლად დაუდგებოდა გაზეთს. თუმცა, არ გვინერვიულია, იმიტომ, რომ, გაგიკვირდებათ და, მისი შემდგომი ბედიც ცნობილია ჩვენთვის.

სხვათა შორის, ლობჟანიძის კვლევამ და `აღმოჩენილი ფაქტის~ გახმაურებამ პირდაპირ ჩვენს წისქვილს დაასხა წყალი. იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ ზოგიერთები, რომ ლელა კაკულია ბიზნესს არ აწარმოებს და გაზეთის გამოცემით მის ჯიბეს თუ რამე აკლდება, თორემ შემატებით, აბსულუტურად არაფერი ემატება.

და კიდევ: როგორც ქალბატონი ლელა ბრძანებს, ტირაჟი სულ რომ სამ ცალამდე შემცირდეს, გაზეთი მაინც უნდა გამოიცეს. ასეა საჭირო და იმიტომ!!! 

 

აბზაცი მესამე:

`48 წლის ალექსანდრე ქოროღლიშვილმა სიცილი დაიწყო, როცა გაიგონა სიტყვები `ლელა კაკულია~. მან თქვა: `რა თქმა უნდა, გაზეთის შესახებ სატელევიზიო რეკლამიდან მსმენია. ეს ნონსენსია. არც ერთი წინასწარმეტყველება არ გამოდგა მართალი~.

                                                                დავით ლობჟანიძე.

 

დიდება შენდა, ღმერთო! რას არ გაიგონებს კაცის ყური?! თუ 48 წლის ალექსანდრე ქოროღლიშვილი მართლაც არსებობს და იგი ლობჟანიძის ფანტაზიის ნაყოფი არ არის, მაშინ ამ კაცს ლოგიკასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

დალოცვილო, გაზეთის შესახებ თურმე მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებიდან გსმენია, არ წაგიკითხავს, არ იცი, შიგ რა წერია, წარმოდგენა არ გაქვს, რომ ყოველ ნომერში უამრავ ასრულებულ ფაქტზეა დოკუმენტური მასალა დადებული და როგორ, საიდან, რის საფუძველზე აკეთებ დასკვნას, რომ არც ერთი წინასწარ-მეტყველება არ ასრულდა?

ნოდარ დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ მახსენდება. თბილისში ზურიკელასთან `ნასტუმრალი~ ილარიონი გურიაში ბრუნდება. ილიკო ეკითხება, რას შობა აგი ბაღანა, სტავლობს რამესო? ილარიონი პასუხობს, მე მაგის ხელში წიგნი არ დამინახავს და რა ვიციო. ჰოო, ზეპირად სწავლობს, ალბათო, ამშვიდებს მეგობარს ილიკო.

ჰოო! ეტყობა ქოროღლიშვილიც ზეპირად, წაუკითხავად, სატელევიზიო რეკლამებიდან ხვდება, რომ `ეს ნონსენსია და არც ერთი წინასწარ¬მეტყველება არ გამოდგა მართალი~.

მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ტექსტებს პირადად მე ვარჩევ, ნამდვილად არ მახსოვს ყველა მათგანი. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ძალზე მოკლე ამონარიდებიდანაც ბევრი რამაა ასრულებული, მაგრამ რაღაი გონებისთვის ძალის დატანება გვეზარება, აბა, ამას როგორ მივხვდებით?

ისე კი, უნდა იცოდეთ, ბატონებო, რომ რეკლამებში გატანილი ტექსტებიდან დასკვნის გაკეთება იგივეა, ვთქვათ, ლიტერატურულ ნაწარმოებზე მხოლოდ მისი სათაურის მიხედვით რომ იმსჯელო. მაგალითად, წაკითხული არ გქონდეს `დათა თუთაშხია~, მაგრამ, რადგან ხვდები, რომ ეს ვიღაც კონკრეტული პირის სახელი და გვარია, თქვა, რომ ეს სუსტი, არაფრისმთქმელი რომანია, რომელშიც ერთი ადამიანის ბიოგრაფიია მოთხრობილი!!!

 

აბზაცი მეოთხე:

`პენსიონერმა, რომელმაც ვინაობისა და ასაკის გამხელა არ ისურვა, გააკრიტიკა გაზეთიც და მისი მკითხველებიც.

`ასეთი წინასწარმეტყველები, მასონები და სხვები დღეს ყველგან არიან. ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და არ უნდა აჰყვეს  მსგავს რაღაცეებს~.

                                                                დავით ლობჟანიძე.

 

ვერაფრით ვხვდები, რა შუაშია ერთმანეთთან წინასწარმეტყველები და მასონები (შესაძლოა იმიტომ, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ეს ძალით გაბუქებული და ყელში ამოსული თემა და, შესაბამისად, ბევრი არაფერი ვიცი მითიური მასონების შესახებ) ან ლელა კაკულიასთან დაკავშირებით მასონები? ჩემი გონება აშკარად უძლურია ამ პენსიონერის აზროვნებასთან.

თუმცა იმას კი ვეტყვი პატივცემულ ინკოგნიტოს (თუ, რა თქმა უნდა, ისიც რეალური პიროვნებაა და არა ფანტომი), რომ წინასწარმეტყველები ყველგან არ არიან! უფალი ჭეშმარიტ ფენომენებს იშვიათად მოუვლენს ხოლმე სამყაროს და ვისაც გონება აქვს, ყურს დაუგდებს მას, რათა ღმერთის მიერ მიცემული შანსი _ რაღაც კორექტივი შეიტანოს ცხოვრებაში _ გამოიყენოს; ვისაც არა, ის `თავისი ცხოვრებით იცხოვრებს~ და კისერსაც წაიტეხს ბრიყვული ამბიციებით, ჯიბრითა და ბოღმით შეპყრობილი. თუმცა, ადამიანი არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს და ამიტომ, თქვენ როგორც გსურთ, პატივცემულო, როგორც თქვენ გსურთ!

 

აბზაცი მეხუთე:

`ვიქტორია თოდრია, 24 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ლელა კაკულიას მკითხველია.

მან თქვა, რომ კაკულია ანალიტიკოსია, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს გაზეთში და სულაც არ არის მკითხავი.

`ის, ალბათ, ძალიან ბევრს კითხულობს პრესას, უყურებს ტელევიზორს და ინტერნეტით ღებულობს ინფორმაციებს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს დასკვნებს, რომლებიც მერე მართლდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი წინასწარმეტყველები არიან~._ თქვა მან~.

                                                                დავით ლობჟანიძე.

 

ძვირფასო ვიქტორია, მართალია, თქვენ ასაკით ძალიან პატარა ბრძანდებით, მაგრამ თუკი მართლაც ხართ ჩვენი გაზეთის მკითხველი (პირველ ყოვლისა კი, თუ მართლაც არსებობთ), ის კი უნდა იცოდეთ, რომ ლელა კაკულიამ წინასწარ¬მეტყველებების ჩაწერა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო (ვიმეორებ: ჩაწერა! თორემ ზეპირად ბევრად, ბევრად ადრე გააკეთა ეს), ანუ მაშინ, როცა სიტყვა `კომპიუტერი~ მხოლოდ ბოლო წლებში უცხოეთში ნამოგზაურებ ორიოდე ადამიანს ჰქონდა გაგონილი, ხოლო ნანახი, ლამის არავის. ოდნავ მოგვიანებით კი, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპიუტერი კი ვნახეთ, მაგრამ `ინტერნეტი~ რა ხილი იყო და რასთან იჭმებოდა, აზრზეც რომ არ ვიყავით, მათ გამოქვეყნებას შეუდგა სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში. სხვათა შორის, იმ მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეისათვის უკვე ასრულდა ან ასრულებისწინა პროცესშია, სწორედ იმ უკომპიუტერო, უინტერნეტო, `ბნელსა და ჩამორჩენილ~ ეპოქაშია ნაწინასწარმეტყველები _ ოცი წლის წინ, და ის გამოცემები, რომლებშიც ისინი თქვენს ბავშვობაში იბეჭდებოდა, ახლა უტყუარ ფაქტებად ალაგია ქალბატონი ლელას არქივშიც და იმედი მაქვს, საჯარო ბიბლიოთეკის არქივშიც.

ახლა კი ყველაზე მთავარსა და, ღმერთის წინაშე,  უდიდეს სიმართლეს გაგიმხელთ, ვიქტორია: 

ა)            ქალბატონი ლელა გაზეთებს არ კითხულობს;

ბ)            ქალბატონი ლელა ტელევიზორში მხოლოდ მსუბუქი ჟანრის გადაცემებს უყურებს;

გ) ქალბატონმა ლელამ კომპიუტერის ჩართვაც კი არ იცის!!! (მხოლოდ მისი გაჭედვა `ეხერხება~, როცა ბრაზობს, ან ჩვეულებრივი ადამიანის თვალისთვის უხილავ პლასტებს უმზერს. ამის მოწმეები შინაურებიც ბევრჯერ გამხდარან და უცხოებიც. მაგალითად, როცა `ნანუკას შოუს~ გადაღება მიდიოდა სტუდიაში, წამყვანს ერთი წინასწარმეტყველება დაჭირდა ფაქტის დასტურად. მანამდე ჩართული და სამუშაოდ გამზადებული ლეპ-ტოპი საშინლად გამიჯიქდა, ანუ ისე `დაეკიდა~, რომ ვერც ავამუშავე და ვერც გამოვრთე. ახლომახლო მსხდომნი ხედავდნენ, რომ, სულ ტყუილად `ვკლიკავდი~ ღილაკზე `თარნ ოფ ქომფიუთა~. იყო ასე გაშეშებული მანამ, სანამ ქალბატონ ლელას არ ვანიშნე, მიშველეთ-მეთქი და... კომპიუტერმაც ამოისუნთქა. ოღონდ, დისპლეიზე ფონად დაყენებული ფოტო `რატომღაც~ თავისით გაქრა და მეორე დღეს ისევ `რატომღაც~ თავისით გაჩნდა! სამწუხაროდ, გადაცემაში არც ეს და არც სხვა ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაგმენტი არ მოხვდა).

დ) ქალბატონმა ლელამ ინტერნეტით ინფორმაციების მოძიება კი არა, ისიც არ იცის, რას ნიშნავს `იაჰუ~, `რამბლერი~, `გუგლი~, `ნიგმა~ და ასე შემდეგ. იმიტომ კი არა, რომ ვერ აითვისა; უბრალოდ, არ სჭირდება, ბატონო, არ სჭირდება!!!

და მაინც: დავუშვათ ლელა კაკულია ინტერნეტითაც სარგებლობს და გაზეთებსაც კითხულობს. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიქტორია, რამდენად შესაძლებელია, რომ ანალიტიკოსმა, თუნდაც უნიკალურად, უკიდეგანოდ განსწავლულმა და უსაზღვრო გონებრივი პოტენციალის მქონემ (თუკი ასეთი იარსებებს), მოახერხოს და ესოდენ ზედმიწევნით ზუსტად და დაწვრილებით აღწეროს ოცი წლის შემდგომი მსოფლიო პოლიტიკა? აბა, თავს ძალა დაატანეთ, სხვებსაც დაეკითხეთ და მსოფლიოს მასშტაბით თუნდაც ერთი ისეთი პიროვნება დამისახელეთ, რომელიც ოცი კი არა, თუნდაც ხუთი წლით ადრე ლელა კაკულიასავით წვრილად დაგისურათხატებთ სამომავლო მსოფლიო პოლიტიკას.

მერწმუნეთ, ასეთს ვერ მონახავთ, ეს შეუძლებელია. აი ესაა ნონსენსი, თუ არის!

*  *  *

აქ მთავრდება სტატიის პირველი ნაწილი, რომელსაც ქვესათაურით `მომავლის წინასწარმეტყველება~, ქალბატონი ლელას რამდენიმე ჩანაწერი მოსდევს ყოველგვარი კომენტარის გარეშე:

მომავლის წინასწარმეტყველება:

`რუსეთი საქართველოდან გაიქცევა, ვინაიდან მას მალე საკუთარი საზღვრების დაცვა მოუწევს~.

`აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს პასუხს მოსთხოვს~.

`მოვლენები სწრაფად შეიცვლება და საქართველო ნატოში დროზე ადრე შევა~.

ამის შემდეგ კი ავტორს `ადრინდელი პროგნოზები~ (ასეთი ქვესათაური აქვს პუბლიკაციის ამ ნაწილს) მოუყვანია მაგალითად და მათ განმარტებასაც ცდილა.

მაგალითი პირველი:

`ვხედავ, ბევრი ადამიანი უბრუნდება სოფლებს. მაგრამ ბუნება განრისხებულია. წყალდიდობა და სეტყვა დაატყდება თავს სოფლებსა და გლეხებს~. 2008 წლის 25 ივლისი.

სავარაუდო მნიშვნელობა: აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადასახლებულები უბრუნდებიან სახლებს.

უპირველესად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩანაწერი დამახინჯებულია, რისი უფლებაც კატეგორიულად არ აქვს არავის; წინასწარმეტყველების (და არა პროგნოზის, ბატონო დავით!) გადაკეთება არ შეიძლება. ეს დასჯადი ქმედებაა, თუ  ვისგან, ალბათ, ხვდებით.

ნახეთ, როგორ გამოიყურება სინამდვილეში ამ წინასწარმეტყველების ოდნავ მოზრდილი მონაკვეთი:

`ხალხი ვერ იხდის გაზის, შუქის, წყლის და ა.შ. გადასახადებს. ვხედავ, იმაზე მეტი ადამიანი გამოვა გარეთ, ვიდრე წარსულში გამოდიოდა მიტინგებზე. ვხედავ, ბევრი სოფელს დაუბრუნდება, მაგრამ თითქოს ბუნებაც განაწყენებულია, რადგან წყალდიდობები და სეტყვა არ დააკლდება გლეხის ნაშრომს...~

ახლა მითხარით, არის აქ, ამ ამონარიდში რაიმე ალეგორიულად და გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი? ნუთუ პირდაპირ, გასაგებად არ წერია, რომ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს გაჭირვება დააბრუნებს სოფლებში? მაშ, მე არ მესმის და ვინმემ  ამიხსენით, რა შუაშია აქ აგვისტოს ომი და ლტოლვილები?

საიდან გააკეთეთ, ბატონო დავით, ასეთი დასკვნა? თქვენ რომ ოდნავ მაინც დაფიქრებულიყავით და ასე ზერელედ, ზედაპირულად არ `გადაგერბინათ~ წინასწარმეტყველებისთვის, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიხვდებოდით, რაზეა მასში საუბარი, მაგრამ დაგეზარათ (ეს უკეთეს შემთხვევაში) და ამიტომაც გამოიტანეთ მცდარი `განაჩენი~.

ჰო, ისე არც ის დაგავიწყდეთ, რომ 2009 წელი საქართველოში მართლაც გამოირჩეოდა სტიქიური უბედურების სიხშირით, მაგრამ ამაზე რატომღაც არაფერს ამბობთ.

მაგალითი მეორე:

`რაღაც მომენტში დადგება საბჭოთა კავშირის აღდგენის საშიშროება და ამ პრობლემაზე ყველა ილაპარაკებს. და მაინც, რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას~. 1999 წლის 25 მარტი.

სავარაუდო მნიშვნელობა: პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთი ზესახელმწიფოდ აქცია~.

ბატონებო, საბჭოთა კავშირი მხოლოდ რუსეთი იყო? მე რაღაც ისე მახსოვს, 15 რესპუბლიკა შედიოდა მასში და პუტინის მიერ `ზესახელმწიფოდ~ რუსეთის გამოცხადებით, რატომ ხსნის დავით ლობჟანიძე ამ წინასწარმეტყველებას, ვერც ამას ვხვდები. 

ახლა, შეიძლება ამას მნიშვნელობა არც აქვს, მაგრამ სიზუსტისათვის უნდა ითქვას, რომ რუსეთის მთავრობა საბჭოთა კავშირის აღდგენას რომ მოინდომებდა (რაც მართლაც ახდა პირდაპირი მნიშვნელობით და ამაზე მართლაც ლამის მთელი მსოფლიო ალაპარაკდა), აქ მოყვანილ მაგალითზე ბევრად ადრე აქვს ჩაწერილი  ლელა კაკულიას. იხილეთ თუნდაც 1994 წლის 4 ივლისისა და 1997 წლის 25 მაისის წინასწარმეტყველებები. 

მაგალითი მესამე:

`უკრაინაში ორი ძლიერი ძალაა [ვიქტორ] იანუკოვიჩი და [იულია] ტიმოშენკო. უკრაინა რთულ სიტუაციაშია. რუსები მოდიან _ კრემლი. ტიმოშენკო არ წავა რუსეთის წინააღმდეგ. ის დაუკავშირდება იანუკოვიჩს ხელისუფლებაში მოსასვლელად~. 2006 წლის, 28 ნოემბერი.

სავარაუდო მნიშვნელობა: ტიმოშენკოსა და პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს კავშირი ირღვევა აგვისტოს ომზე განსხვავებული მოსაზრებების გამო. ტიმოშენკო არ განსჯის რუსეთს და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს.~

ერთი სული მაქვს `შუა ქალაქის~ გმირის, ირაკლი ჩხეიძის ფრაზა წამოვიძახო, მცირე პერიფრაზით: `ვაიმე, დათო (გოგი!), უკვე დამღალე, რა?!~

ტიმოშენკო-იუშენკოს კავშირი მხოლოდ `აგვისტოს ომზე განსხვავებული მოსაზრებების~ გამო არ დარღვეულა, ბატონო დავით, და საერთოდ, 2008-ში არ დარღვეულა. უფრო ადრე მოხდა ეგ ამბავი. თანაც სად წერია წინასწარმეტყველებაში, ტიმოშენკო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებსო? პირიქით, ბატონო ჩემო, პირიქით. ცოტა მეტით შეგეწუხებინათ თავი, რაღაი ასე დაინტერესებულხართ უკრაინის ამბებით და თანაც ასეთი `სერიოზული~ კრიტიკა გითავებიათ, ერთი ჩანაწერი მაინც გენახათ, რომელშიც ტიმოშენკოა `დახასიათებული~. მაგალითად ეს:

2007 წელი, 16 თებერვალი.

`უკრაინაში მკვეთრი პოლიტიკური ცვლა წავა, ვხედავ, მთელი მთავრობა იცვლება. იანუკოვიჩი-ტიმოშენკო! პრეზიდენტი არავის ახსოვს. დიდი ბრძოლები წავა მთავრობაში. მკაფიოდ ჩანს, თუ  ვის უფრო უმუშავებს თავი. ვხედავ, რომ ტიმოშენკო უფრო რუსული მხარეა. იგი გამოიყენებს იანუკოვიჩის თამაშს რუსეთთან და წინა პლანზე წამოიწევს. რუსეთი იანუკოვიჩს არ აპატიებს და ისე ჩანს, რომ იულია ტიმოშენკო, რუსეთის მხარდაჭერით, ხდება პრემიერი უკრაინისა. დიახ, ასე ვხედავ, ოღონდ არც იუშენკოა მომავალში პრეზიდენტი და არც იულია ტიმოშენკო პრემიერი. მოდის ახალი, ნამდვილი უკრაინული მთავრობა, უკრაინელები _ რევოლუციის გარეშე...~

მე თქვენ გეტყვით და, ტყუილი გამოდგა!

თანაც, უფრო კომპეტენტური და მართალი გამოხვიდოდით მკითხველის თვალში; იმ მკითხველისა, რომელიც სრულიად შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში. თუმცა, რაღა დაგიმალოთ, სულ ტყუილად კი დაშვერით. და იცით რატომ? იმ უცხოელებიდან, რომლებიც თქვენს გაზეთს კითხულობენ, დიდი ხანია, ძალიან ბევრმა იცის ლელა კაკულიას სახელი და ბევრ მათგანს უსარგებლია კიდეც წარსულში მისი ფენომენით.

დაბოლოს: არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ წერილის იმ მონაკვეთზე, რომლისთვისაც ავტორს `მომავლის წინასწარმეტყველებები~ უწოდებია. გარწმუნებთ, ისინი მალე ასრულდება, ოღონდ, აბსოლუტურად პირდაპირი მნიშვნელობით და გირჩევთ, ნუ დაიწყებთ რაღაც დაფარულისა და სიმბოლურის ძიებას მათში. ბოლოსდაბოსლოს, ეს ხომ კატრენები არ არის?

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top