წერილი ბრმებს

რედაქტორის წერილები

ჩვენი გაზეთის ფურცლებზე რამდენჯერმე გაკვრით შევეხეთ ქალბატონი ლელას მიმართ  წარმოებულ იმ პიარკამპანიას, რომელიც ქართველი წინასწარმეტყველის წინააღმდეგ სრულიად შეგნებულად ააგორეს სხვადასხვა წარმომავლობის ძალებმა _ ქართულმა თუ რუსულმა.  პიარკამპანიამ პიკს გასული წლის შემოდგომაზე მიაღწია, აგვისტოს ომის შემდეგ. მაშინ ქალბატონმა ლელამ რედაქციის თანამშრომლებს (და ბევრ სხვა ადამიანსაც) დაწვრილებით გაგვიშიფრა სქემა, რომელიც მის წინააღმდეგ ამუშავდა, დაგვისახელა კამპანიის მიზეზები და კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მასში და ისინიც, ვინც მოკლე ხანში შეურთდებოდნენ მათ.

 

ქალბატონი ლელას თქმით, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისა გახლდათ რუსული სპეცსამსახური, რომელმაც ქართველი ხალხის მორალურად დასაცემად და დასათრგუნად, პანიკისა და შიშის დასათესად, სხვა მრავალ ნაცად ხერხთან ერთად, პროპაგანდისტული მანქანაც აამუშავა. მოგეხსენებათ, სულიერად გატეხილი, დაჩაჩანაკებული, ხელჩაქნეული ადამიანების ფიზიკური დამორჩილება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე იმედით სავსე და ბრძოლის, დაუმორჩილებლობის ჟინით შეპყრობილი საზოგადოებისა.

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი გახლდათ რუსულ საინფორმაციო საიტებზე აგვისტოს ბოლოდან არნახული რაოდენობის ინფორმაციის განთავსება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსოფლიოს უცნობილესმა ფენომენმა ბულგარელმა ვანგამ რუსეთს კიდევ უფრო განვრცობა, გაძლიერება და რაც მთავარია, მსოფლიო მბრძანებლობა უწინასწარმეტყველა, ხოლო საქართველოს _ რუკიდან საერთოდ გაქრობა.

ყველამ კარგად იცით, რაოდენ დიდი ძალა აქვს პროპაგანდას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისე დაიჯერა კრემლის მიერ შეთხზული ვანგას ვითომ წინასწარმეტყველება, რომ კითხვაც არ დაუსვამს: კი, მაგრამ, თუ ვანგამ ეს თქვა, რატომ არ იყო ამის შესახებ ცნობილი აქამდე, ან რატომ იწყება ყველა `წინასწარმეტყველება~ 2008 წლიდან და არა, ვთქვათ, თუნდაც 2007-დან, ან რაღა მაინცდამაინც აგვისტოდან გადააჭრელეს ასობით საიტი ვანგას `ხილვებით~, როცა მანამდე მათ შესახებ მხოლოდ სპეციალურ გვერდზე თუ ამოიკითხავდით რამეს?

შიშს რომ დიდი თვალები აქვს, ეს თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, ამიტომ რუსული აგენტურა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში პანიკის დათესვას მოახერხებდა, ოღონდ აქ, მათთვის ძალიან კარგად ცნობილი, ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა: ლელა კაკულია, რომელიც საქართველოს გაბრწყინებას წინასწარმეტყველებს, ხოლო რუსეთს მძიმე მომავალს უქადის, რომლის ინფორმაციებსაც მთელი საქართველო კითხულობს და ღრმად სჯერა მათი ასრულებისა, ვინაიდან ისინი არაერთხელ გამხდარან მოწმენი წინასწარმეტყველებათა ახდენისა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ქართველებს უსაფუძვლო პანიკაში, სასოწარკვეთაში გადავარდნისა და შესაბამისად, ჩაჩოქების, იარაღის დაყრის, ბრძOოლაზე უარის თქმის საშუალებას. ამიტომ საჭირო იყო მის წინააღმდეგ კარგად გათვლილი, ქართულ ხასიათს მორგებული ცილისმწამებლური კამპანიის აგორება, ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც, მიზეზთა გამო, სიამოვნებით ითავებდნენ დაკვეთის შესრულებას _ ზოგი რის ფასად და ზოგიც _ რისა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ბევრი ძებნა არ დაჭირდებოდათ, სულ რამდენიმე ადამიანი კმაროდა საამისოდ, დანარჩენები თავად გამოჩნდებოდნენ: ზოგი  სრულიად შეუგნებლად, გაუაზრებლად (თანაც ისე, რომ არც საქმის რეალური არსით დაინტერესდებოდნენ და არც გაზეთის წაკითხვით შეიწუხებდნენ თავს, რათა თავად გარკვეულიყვნენ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გავრცელებული ხმები. რას იზამთ, ასეთია გონებაუმწიფარი ადამიანების თვისება _ თავად არ აქვთ ანალიზის უნარი და ხშირად შეუგნებლად ეგებიან გამიზნულად გადაგდებულ ანკესზე), ზოგიც პირიქით, პირადი შურითა და ბოღმით შეპყრობილი, სიამოვნებით აჰყვებოდა მავანთა შეძახილებს.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: ლელა კაკულია ხელისუფლების, პირადად ვანო მერაბიშვილის აგენტია; ლელა კაკულიას გაზეთს მერაბიშვილის სტამბაში უფასოდ ბეჭდავენ; ლელა კაკულია სააკაშვილთან გვირაბით დადის; ლელა კაკულია ხელისუფლების კარნახით წერს წინასწარმეტყველებებს; ლელა კაკულიას ნათქვამი არაფერი სრულდება... და კიდევ უამრავი სიბინძურე, ღვარძლი და ჭორი.

განსაკუთრებით გამოიჩინეს და ისახელეს თავი ქართულ ფორუმებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა, რომლებიც ზუსტად ისე წამოეგნენ რუსულ ანკესს, როგორც მათ სპეცსამსახურებს ჰქონდათ გათვლილი: არავითარი წაკითხვა, არავითარი გარკვევა, არავითარი ანალიზი! პირდაპირ ბრალდება, ლანძღვა და ქილიკი. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტჯერ იტყოდა სიტყვებს: `მე არ მჯერა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებების!~, მიუხედავად იმისა, რომ  ცალი თვალითაც არასდროს ჩაეხედათ გაზეთებში (ამას თავადვე აღიარებდნენ) და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა არ ეჯერათ. უბრალოდ არ ეჯერათ და მორჩა!

ამ ბოლო დროს ისტერია ერთგვარად მინელდა და თითქმის სრულად შეწყდა. როგორც ქალბატონმა ლელამ ბრძანა, მისმა ანტირეკლამამ საბოლოოდ უკუშედეგი გამოიღო _ ატეხილმა მითქმა-მოთქმამ ბევრი დააინტერესა და ჩაახედა გაზეთში; ბევრმა წაიკითხა მისთვის მანამდე უცნობი ინფორმაცია და მიხვდა, რომ ლელა კაკულიას ნათქვამი მართლაც სიტყვა-სიტყვით სრულდება, რომ იგი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია და ის, ვინც ამას უარყოფს, ან ღრმა გაურკვევლობაშია, ან ღრმად დაკარგული მართლაც აგენტურულ ხლართებში.

ახლა იმის შესახებ, თუ რამ გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა:

ორიოდე დღის წინ მიტინგიდან დაბრუნებულმა მეზობელმა მითხრა: მომიტინგე ხალხში ხმა დაირხა, ლელა კაკულია ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებსო. ვინც ეს თქვა, ვკითხე, წაკითხული თუ გაქვთ გაზეთი-მეთქი და არაო, მიპასუხა. ფაქტია, ოპოზიციიდან ვიღაც სპეციალურად ავრცელებს ხმებსო.

გამეცინა. ეს იყო იმ ასრულებული წინასწარმეტყველების გაგრძელება, რომელიც შარშან ბრძანა ქალბატონმა ლელამ: ჯერ მოიცათ, თითქოს ხელისუფლება და რუსები არ მყოფნის, ოპოზიციაც დაიწყებს ჩემს ლანძღვასო. გაგრძელება კი იმიტომ გახლდათ, რომ ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მანამდეც გამოიჩინა თავი `გონიერებით~ და ღიად, ტელეეთერით მოითხოვა ჩვენი გაზეთის აკრძალვა. ახლა იმ ზოგიერთისნაირები მიტინგის მონაწილეებს უბნევენ თავგზას და ყველაფერი კი იმიტომ, ძვირფასო მკითხველო, რომ ქალბატონმა ლელამ იწინასწარმეტყველა: ოპოზიცია ვერ გაერთიანდება! ოპოზიციის რეიტინგი დაეცემა! ოპოზიცია ხალხის ნდობას დაკარგავს! ოპოზიცია ბევრ შეცდომას დაუშვებს... და ასე შემდეგ.

და რა? განა ასე არ მოხდა? განა ზუსტად არ სრულდება წინასწარმეტყველება? განა იმიტომ არის ლელა კაკულია ვინმეს აგენტი, რომ მავანის ყურისა და გულის დამატკბობელ სიცრუეს არ წერს და სიმართლეს ამბობს? განა წინასწარმეტყველებებში სადმე იკითხება, რომ ლელა კაკულია რომელიმე მხარეს ეთაყვანება და  მათი გულის მოსანადირებლად იღვწის?

კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: თუკი ლელა კაკულია ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა ყოველთვის, როგორ ფიქრობთ, რატომ წერდა ჯერ კიდევ 2003-ში, რომ ახალი მთავრობა და პრეზიდენტი უმძიმეს შეცდომებს დაუშვებდნენ, რომ დაიწყებოდა ბიზნესების წართმევა და მათი გადანაწილება, რომ უახლოესი მომავალი მოკლე პერიოდით დაემსგავსებოდა 1937 წელს, რომ ხელისუფლება იმოქმედებდა სტალინური წესებით, რომ დადგებოდა რობოტების მმართველობის პატარა პერიოდი და გამრავლდებოდა ოჯახური კლანები, რომ გამეფდებოდა საშინელი კორუფცია, რომ თანამდებობრივ სავარძლებში ჩაბრძანდებოდნენ სრულიად შეუფერებელი პერსონები, რომელთა ცოდნა ნულის ტოლია, რომ დაშინებული, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაუტეხელი ხალხი ხმას ამოიღებდა, რომ ისინი გარეთ გამოვიდოდნენ და მთავრობის სახლთან თუ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდგომნი დაიწყებდნენ ყვირილს: `გადადექი!~, რომ პოლიცია და სპეცრაზმი დაშლიდა ხალხს ძალადობით _ `დუბინკებითა~ და ცრემლსადენი გაზით, რომ საბოლოოდ დაიწყებოდა მასიური გამოსვლები, ხალხის ტალღა აზვირთდებოდა, რომ ასობით ათას ადამიანს აამოძრავებდა ერთი სურვილი: მთავრობის გადაყენება...

და რა? განა ასე არ მოხდა? განა ზუსტად არ ასრულდა (და ასრულდება კიდეც) წინასწარმეტყველება? ვისი ბრალია ეს? ლელა კაკულიასი?

ჰოდა, თუ ქართული ოპოზიციის რეიტინგის დაცემაში ან ხელისუფლების უამრავ შეცდომაში წვლილი ლელა კაკულიას მიუძღვის, რადგან ეს ყველაფერი იწინასწარმეტყველა, გამოდის, რომ  მისი დამსახურება იქნება მოკლე ხანში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნება, მომავალში კი სხვა მიტაცებულ-გასხვისებული მიწების შემოერთება, საქართველოს ნატოში შესვლა, `აბრეშუმის გზის~ აღორძინება, ახალი ნავთობ- და გაზსადენი მილების ჩვენს ტერიტორიაზე გავლა,  ეროვნული მთავრობის მოსვლა, ქვეყნის აღმშენებლობა, რუსეთის დაძაბუნება და დაშლა, ამერიკის პირველობა, ისრაელის მიერ კუთვნილი მიწების დაბრუნება, იაპონიისთვის კურილის კუნძულების გადაცემა, მონღოლეთის ეკონომიკის აღმასვლა, ნარკომანიისა და კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოგონება და უამრავი სხვა რამ, რაც მას ოდესმე უწინასწარმეტყველებია.

აბა, ვინ, რომელი ძალა გაიმეტებთ ამ დამსახურებებს ლელა კაკულიასთვის? ვის გეყოფათ ნამუსი, შეცდომები აღიაროთ და საკუთარ წარუმატებლობაში წინასწარმეტყველება არ დაადანაშაულოთ?

არავის! ეს ზუსტად ვიცი.

არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ტყუილად გთავაზობთ იმას, რასაც ახლა გთავაზობთ, მაგრამ მაინც:

 

ბატონებო, ჟურნალისტებო და ექსპერტებო, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებო, საქართველოს მოქალაქეებო, ვისაც წინასწარმეტყველთან ოპონენტობის სურვილი გაგჩენიათ, იქნებ კეთილი ინებოთ, მოიმარჯვოთ ჩვენი გაზეთის ყველა ნომერი, გულდასმით გადაიკითხოთ ისინი და შეეცადოთ, აღმოაჩინოთ ისეთი წინასწარმეტყველება, რომლებიც არ ახდა, ან ყველა წინაპირობა არ არის შექმნილი მის ასასრულებლად და მერე ილაპარაკოთ?

 

ჰო, ოღონდ 24-ე საუკუნეს ნუ გადაწვდებით, ეგ ზოგიერთი საეჭვო წარმომავლობისა და მიდრეკილება-ორიენტაციის გულღრძო კაცუნების გასარჩევ-საქილიკო წინასწარმეტყველება არ არის!!! არადა, თუ დააკვირდებით, რამდენს გაუხეთქა გული ამ სიტყვებმა, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნებიდან მოყვრად მოსულ მტრებს!

აბა, ვის გაქვთ პრეტენზია, რომ პატიოსანი, წესიერი, გულმართალი და მამულის მოჭირნახულე ბრძანდებით?

თუ ობიექტურობასა და პირუთვნელობას იჩემებთ, ასე უნდა მოიქცეთ, ქუჩა-ქუჩა და შუკა-შუკა კი არ უნდა ილაყბოთ, მთავრობა ლელა კაკულიას სახლს უშენებს _ დიიიდსა და ლამაზსო, `ჰამაც, პრესტიჟნი უბანშიო~.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ზოგიერთების უგუნურება.

მე ახლა ის უფრო მაფიქრებს, ვინმე ტვიგაცხელებულს აზრად არ მოუვიდეს და ერთ მშვენიერ დღეს ლელა კაკულიას არ დააბრალოს ნაწინასწარმეტყველები ბუნებრივი კატასტროფები: წყალდიდობები, მიწისძვრები, ზვავები და ცუნამები, ყველა იმ ომის დაწყება, რომლებიც იყო და რომელიც კარზეა მომდგარი, ტერორები და სახელმწიფო შეთქმულებები, პრეზიდენტების დამხობები და არჩევნები, უცნობი დაავადებების გავრცელებები, ერების გაქრობები...

ცოტა მეტად ხომ არ დაფიქრდებოდით, ბატონებო?

საქმე ისაა, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოთ, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, ყველას ყველაფერი აგიხდებათ, რაც ნაწინასწარმეტყველებია;  ამას ვერავინ აიცდენთ: ვერც ხელისუფალი და ვერც ოპოზიციონერი, ამისთვის არც თანამდებობას აქვს მნიშვნელობა და არც ბანკში გახსნილი ანგარიშების რაოდენობას.

ყველას გახსოვდეთ: უფლის საცერი ისევ იცრება! მრავალს აეხადა ნიღაბი და კიდევ ბევრი გამოაჩენს ნამდვილ სახეს, გადასარეცხი გადაირეცხება, მომსვლელი მოვა, გასაკეთებელი გაკეთდება, დასაბრუნებელი დაბრუნდება, აღსადგენი აღდგება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა, ასეთია მისი დაშვებით წარმოთქმული წინასწარმეტყველება!

 

                                                                

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top