`შენ უფალმა იმიტომ დაგაყენა იქ, რომ საკუთარი თვალით გეხილა......

რედაქტორის წერილები

`შენ უფალმა იმიტომ დაგაყენა იქ, რომ საკუთარი  თვალით გეხილა, რაოდენ ზუსტად, სიტყვა-სიტყვით სრულდება წინასწარმეტყველება!~

 

ეს სიტყვები ქალბატონმა ლელამ მაშინ მითხრა, როცა რუსთაველის პროსპექტიდან მის სახლამდე ნარბენმა, დაღლილმა, ცრემლსადენი გაზისაგან სულშეხუთულმა და თვალებდასიებულმა, შეურაცხყოფისა და უმწეობისაგან გაოგნებულმა, მაგრამ არა შეშინებულმა (!!!) _ სული მოვითქვი და ოდნავ დავმშვიდდი.

იმ წუთას არაფრის ანალიზის თავი არ მქონდა; ძალაგამოცლილი ვიჯექი ქალბატონი ლელას გვერდით და ხარბად ვისრუტავდი მისგან გადმოღვრილ ყოვლისმომცველ ენერგიას, რომლის სასწაულქმედებაში იმ დღეს კიდევ ერთხელ ხილულად დავრწმუნდი.

მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველად მიტინგზე 1988 წლის ნოემბერში გავედი, მეორედ _ რამდენიმე თვის შემდეგ _ 1989 წლის აპრილში. მაშინ სტუდენტი გახლდით და აბა, სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი იმ საჭირბოროტო დღეებში? მას მერე, რაც კი რამ მოხდა, რა გამოსვლები, მიტინგები, მსვლელობები და აქციებიც არ  გამართეს, არც ერთხელ გავსულვარ ქუჩაში, არც ერთ მათგანში არ მიმიღია მონაწილეობა (განსხვავებით ამისგან, თუ არ ვცდები, წარსულში ორჯერ მივედი არჩევნებზე); ერთი სიტყვით, `შინ ვიჯექი~ _ პოლიტიკურად  და საზოგადოებრივად პასიური, შეიძლება ითქვას, ინდიფერენტულიც კი. მაგრამ 2007 წლის 28 სექტემბერს ჩემთვის `შინ ჯდომის~ ეპოქა დასრულდა და მე მრავალ ათას თანამემამულესთან ერთად გავედი იმ ადგილზე, სადაც ოციოდე წლის წინ ამაყად ვიდექი და წითელ იმპერიას მუშტებს ვუქნევდი. 

არც 2 ნოემბრის მრავალათასიან აქციას დავკლებივარ. ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა და ყურით მოსმენა მინდოდა. კიდეც ვნახე და კიდეც მოვისმინე. ჩემ ირგვლივ ათასობით ისეთი ადამიანი იდგა, რომლებიც საერთოდ პირველად იყვნენ მსგავს აქციაზე, არასდროს, არც ერთი ხელისუფლების პირობებში, არც ერთი მოთხოვნის მხარდასაჭერად თუ გასაპროტესტებლად რომ არ გამოსულან გარეთ, ახლა კი ყველას რაღაცა ჰქონდა სათქმელი, სასაყვედურო, მოსათხოვნი, დასაბრუნებელი, აღსადგენი... ერთი სიტყვით, ხალხი სამართალს ითხოვდა, პასუხს ითხოვდა ძალით წართმეულზე, დანგრეულზე, გაყიდულზე, განადგურებულზე... ბოლოსდაბოლოს, მოკლულზე!  პასუხი არ ჩანდა! არ ჩანდა მთელი 5 დღის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს, ვიღაცას მოთმინების ძაფი გაუწყდა და 7 ნოემბრის დილა მოშიმშილეების დარბევით დაიწყო...

დღის პირველ საათზე უკვე რუსთაველზე ვიყავი. წვიმდა, მაგრამ უკვე კაი ძალ ხალხს მოეყარა თავი და თანდათან კიდევ ემატებოდნენ. კიბეებთან გავჩერდი. იქვე ახლოს ახალგაზრდა კაცი იდგა _ გაღიმებული და რაღაცნაირად ბედნიერსახიანი, ხელში პატარა ბავშვით; ბავშვს ფუნთულა თითებით სანთელი ეჭირა და გაფართოებული თვალებით უცქერდა ამდენ ბიძასა და დეიდას. აქციის მონაწილეთა რაოდენობის ზრდის პარალელურად მატულობდა ყვითელ საწვიმრებში გამოწყობილი სამართალდამცავების რიცხვიც. როცა შიშველხელებაპყრობილმა ხალხმა სამანქანო მოძრაობის გადაკეტვა მოინდომა, პოლიციელები მარჯვედ დატრიალდნენ და საქმეში `დუბინკები~ ჩართეს, თანაც ისე აქტიურად იქნევდნენ ყველა მიმართულებით ხელჯოხებს, რომ შეხლა-შემოხლის ადგილი მდინარის ყვითელქაფმოკიდებულ მორევს დაემსგავსა. ამ დროს მთავრობის სახლის წინ მდებარე კიბეებზე უკვე გამოჩნდა კონსტანტინე გამსახურდია. როგორც კი თვალი ჰკიდა ჩხუბს, მყის იქით გაეშურა. ვხედავდი, როგორ მიაღწია ინცინდენტის ადგილს, როგორ ცდილობდა დაეშოშმინებინა მოშუღარნი... რამდენიმე წუთით თითქოს მართლაც მინელდა ერთ ადგილას დაძაბულობა, მაგრამ ცოტა ხანში მთელ პროსპექტზე ახალი ძალით იფეთქა _ აზვირთებული ხალხი მკერდით მიაწვა პოლიციის სამ თუ ოთხ რიგად ჩამწკრივებულ კორდონს (შიშველი ხელები კვლავაც ცისკენ ჰქონდათ აშვერილი), შუაში გაწყვიტა იგი და ნაპირებისკენ გარიყა. მთელი რუსთაველი გუგუნებდა და ზანზარებდა! ეს ამ მცირე გამარჯვებით ფრთებშესხმული ხალხი ყიჟინებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრობის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გადალახეს და გატეხეს. როგორც ჩანს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უფრო უარესი ძალის გამოყენებას არავინ ელოდა. ადამიანებს ჯერ კიდევ Hჰქონდათ იმედი, რომ ეს არც 37 წელი იყო და არც ოთხმოცდაცხრის 9 აპრილი (ასეთი შედარებები ოდნავ მოგვიანებით მართლაც გაკეთდება. ერთ-ერთი უცხოური ტელეარხი ორად გაყოფილი ეკრანის ერთ მხარეს 9 აპრილის, ხოლო მეორე მხარეს 7 ნოემბრის რბევის კადრებს გაუშვებს. მათ შორის ბევრი იქნება მსგავსება, განსხვავება _ ერთი: მარბიელთა ეროვნება!)

იმედი არ გამართლდა. ქაშუეთის მხრიდან კიბეებამდე მალე მოაღწია ხმებმა, `სპეცნაზი~ მოგვაყენეს და გაზით გვიპირებენ დაშლასო (წყლის ჭავლს ყურადღებას არც კი აქცევდნენ. ეს ის ძალა არ იყო, რომელიც გაცოფებულ ადამიანებს ადგილიდან ფეხს მოაცვლევინებდა). ხალხი შეჩოჩქოლდა, შეჩქვიფდა, დაიჭიმა, მაგრამ არ შეშინდა. მე, ცოტა არ იყოს, ავღელდი და ქალბატონ ლელასთან დავრეკე, მიტინგზე ვარ, მთავრობის სახლთან. ამბობენ, რომ `სპეცნაზი~ მოიყვანეს და ცრემლსადენი გაზის გაშვებას აPპირებენEBEN-მეთქი, ვუთხარი.

_ არ შეგეშინდეს! მაგედან პირდაპირ ჩემთან წამოდი! იცოდე, თვალყურს გადევნებ და ნუ გეშინია! გესმის? ნუ გეშინია!

_ არ მეშინია-მეთქი, ვუპასუხე უკვე დამშვიდებულმა, ტელეფონი გავთიშე, თავი ავწიე და... მთავრობის სახლის სახურავიდან წამოსულმა პირველმა კაფსულებმაც გახაზეს ცა. თითქმის იმავე წამს ბოლქვებად ავარდა ბოლი მთელ ქუჩაზე _ `სპეცნაზმა~ შეტევა დაიწყო. სანამ რამის გარჩევა შეიძლებოდა, ვხედავდი, როგორ ცდილობდნენ მომიტინგეები, გამკლავებოდნენ სულისშემხუთავ ბოლს _ მათი გამამხნევებელი შეძახილებიც მესმოდა, მაგრამ რაც იქ ტრიალებდა, იმის დიდხანს გაძლება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, რომ კომუფლირებულმა მასამ და ბოლმა მალე მთლიანად დაიპყრო პროსპექტი. ამ დროს გაქცეული ხალხის ტალღა მომაწვა, თან უკვე ვეღარაფერს ვხედავდი და მეც დავიძარი თავისუფლების მოედნისკენ. მოვრბოდი თვალებდახუჭული და სულშეხუთული. ერთი-ორჯერ მწარე კვამლი გადავყლაპე; მინდოდა ჩამესუნთქა, მაგრამ ჰაერი ორგანიზმში აღარ შედიოდა. შემეშინდა, ვიფიქრე, უკვე ვიგუდები, სადაცაა ფილტვები დამისკდება-მეთქი და უცებ გონებაში ლელა კაკულიას სიტყვები გახმიანდა: `ნუ გეშინია! თვალყურს გადევნებ!~ _ და ჩავისუნთქე... რაღაც მომენტში თვალიც გავახილე და დავინახე, რომ შადრევნის კიდეზე ვმოძრაობდი. ერთი წამიც და აუზში აღმოვჩნდებოდი, რომელიც უკვე თითქმის სავსე იყო ხალხით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ გვერდის აქცევა მოვახერხე. საშინელი ჭყლეტა იყო. ყველა გასასვლელს ეძებდა... ჩემ გარდა, რადგან ამ უზარმაზარ დაძრულ მასაში უცნაურად მეხსნებოდა გზა _ ერთგვარი დერეფანი და ამ დერეფანს ბრმად მინდობილი, თითქოს ფრენა-ფრენით, მსუბუქად მივყვებოდი...

მესმოდა საშინელი გნიასი, რასაც აკუსტიკური  შეტევისთვის სპეციალურად მოყვანილი ტექნიკის სულისწამღები წივილი კიდევ უფრო ამძაფრებდა და პანიკას ქმნიდა. ირგვლივ სულშეხუთული ხალხი ეცემოდა და ვეღარ დგებოდა. სამწუხაროდ, მათ ვერავინ ეშველებოდა. ის კი არა, ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფთ საოცარი სიამოვნებითა და აზარტით ურტყამდნენ ხელჯოხებს!

საშინელი შეგრძნება დამეუფლა. მეგონა, სადღაც სხვა განზომილებაში მოვხვდი, სადაც არანორმალურად ვძულდით, სადაც ჩვენი არავის ესმოდა; რომ ეს არ იყო საქართველო, არ იყო თბილისი; რომ იმ `დუბინკებიან~ და შავსამოსიან ბრგე ბიჭებს ქართულად რომ დავლაპარაკებოდი, სიტყვასაც ვერ გაიგებდნენ; რომ ნადირმა სისხლის სუნი იკრა და სანამ მსხვერპლს არ დაგლეჯდა, არ შეჩერდებოდა!..

სამშვიდობოს გასულმა ერთი ღრმად ჩავისუნთქე და დედასთან დავრეკე: არ შეგეშინდეს, ცოცხალი ვარ-მეთქი და გეზი ქალბატონი ლელას სახლისკენ ავიღე...`

`ნუ გეშინია! არაფერი გჭირს _ ფილტვები სუფთა გაქვს! მოდი, ჩემთან დაჯექი~. _ ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც ლელა კაკულიამ დანახვისთანავე მითხრა.

მერე ტელევიზორში ერთად ვადევნებდით თვალს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ხალხმა რომ რიყეზე შეკრება დაიწყო, ქალბატონ ლელას თვალებიდან თავისთავად წამოუვიდა ცრემლები. `ისევ ცრემლი მდის, ისევ ისე დაშლიან  ხალხს!~ _ თქვა მან და უცბად გადამეფიქრა რიყეზე წასვლა...

 

მერე გვიან ღამემდე ვიჯექი მის გვერდით და ძალებს ვიკრებდი. შინ სრულიად დამშვიდებული და ემოციებდაოკებული წავედი, მაგრამ ღამით მაინც ვერ დავიძინე; არ მტოვებდა შეგრძნება იმისა, რომ ჩემ ქალაქს მტერი შემოესია!..

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top