ღრმად პატივცემულო X

რედაქტორის წერილები

რედაქტორის თვითნებური, მაგრამ კორექტული პასუხი ერთი სატელევიზიო არხის ერთი გადაცემის `წამყვანს!~

როგორც სათაურშივე ხედავთ, ადრესატი არ კონკრეტდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც პოლემიკას ვაპირებ ვინმესთან და არც პასუხს ვითხოვ (უფრო გულახდილად კი, ვინდობ). ჩემი მოკლე და ვფიქრობ, მართლაც ძალზე კორექტული წერილი (უდიდესი აღშფოთების მიუხედავად, ზრდილობის ჩარჩოებს არავითარ შემთხვევაში არ გავცდები) საინფორმაციო-განმარტებით ხასიათს ატარებს. თვითნებური კი იმიტომაა, რომ ქალბატონი ლელასთვის, ცხოვრებაში პირველად, წერილის შესახებ არაფერი მითქვამს და არ შემითანხმებია.

ერთი სიტყვით, ტელემაყურებლის შეკითხვაზე (დილეტანტური) პასუხის (კომპეტენტური) პასუხი ახლა იწერება, მაგრამ შეიძლება დღის სინათლე ვერ იხილოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი თვითნებობა დროულად აღკვეთონ.

ეს ხუმრობაგაშვებით.

სერიოზულად და თანაც, ფრიად სერიოზულად კი...

 

ღრმად პატივცემულო X,

მინდა გაცნობოთ, რომ ლელა კაკულიას წინააღმდეგ შარშან, აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურებული ღია და მრავალმხრივი ბრძოლა ნელ-ნელა მისუსტდა, მიინავლა  და თითქმის სრულად შეწყდა.

არა, ამის მიზეზი ის არ არის, რომ ქალბატონი ლელასდამი ინტერესი განელდა, პირიქით _ ინტერესი მზარდია. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ისინი, ვინც ილაშქრებდნენ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ქილიკობდნენ და ლაზღანდარობდნენ კოსმიურ ინფორმაციებზე, ანუ ხელისუფლება, ოპოზიცია, რუსული სპეცსამსახურები, პოლიტოლოგ-ექსპერტები და კიდევ ერთი ძალიან შემოსავლიანი სამსახურის თანამშრომლები, იძულებულნი გახდნენ, გაჩუმებულიყვნენ, ვინაიდან მოვლენების განვითარებამ და შექმნილმა სიტუაციამ მათაც და სხვებსაც დაანახა, რომ ლელა კაკულიას თითოეული სიტყვა ასრულდა და სათქმელი აღარავის აღარაფერი დარჩა.

აბა, როგორღა უნდა შეაყარონ თვალში ნაცარი საზოგადოებას, როდესაც, მიუხედავად ათასი ბუნებრივი თუ ხელოვნური ბარიერისა, ჩვენი გაზეთი მაინც გამოიცემა, ქალბატონი ლელას ინფორმაციები მაინც მიდის მკითხველამდე და ხალხმა მშვენივრად გაიგო, უფრო სწორად, დარწმუნდა, რომ ირგვლივ ყველა ტყუის, გარდა წინასწარმეტყველისა და წინასწარმეტყველებისა. 

ამიტომ, მავანის გასაგონად მინდა ვთქვა: თქვენი მცდელობა, ახალი ტალღა ააგოროთ წინასწარმეტყველის წინაღმდეგ, ამაოა და ფუჭი. ნუ ცდილობთ, იყოთ პატრიარქზე უფრო მეტად მართლმადიდებელი (მომიტევეთ პერიფრაზისთვის) და ეჭვით შეხედოთ ჭეშმარიტებას.

გაცნობებთ, რომ ლელა კაკულიას დიდი ხანია, მოძღვარიც ჰყავს (მისი პირველი მოძღვარი აწგარდაცვლილი მარგველი მიტროპოლიტი მეუფე კონსტანტინე გახლდათ, რომლის არაერთი წერილობითი კურთხევა, როგორც წინასწარმეტყველისა, ქალბატონ ლელასთან ინახება და გაზეთშიც არაერთხელ გამოქვეყნებულა; ამჟამინდელი მოძღვარი კი მამა ფარანავაზი გახლავთ, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრიდან), უამრავ საეკლესიო პირთანაც მეგობრობს (მათ შორის, უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც დიდი სიხარულით სტუმრობენ ხოლმე მასთან სახლში, ვინაიდან ზუსტად იციან, ვისთანაც აქვთ საქმე), ეკლესიაშიც დადის (უფრო მეტიც, საქართველოს ლამის ყველა ეკლესია-მონასტერი აქვს მოლოცვილი) და მთელ სამყაროში კაცი ვერ შეედრება რწმენის სიძლიერეში. ამიტომ თქვენი მოწოდება, აიყვანოს მოძღვარი და იაროს ეკლესიაში, გარდა იმისა, რომ ძლიერ დაგვიანებულია, ზედმეტიცაა და სრულიად უსარგებლოც.

და კიდევ: იცით რატომაა ლელა კაკულია რწმენაში შეუდარებლად ძლიერი? იმიტომ რომ ის პირდაპირ ხედავს და ესაუბრება იმას, ვისაც მავანი სიტყვით აღიარებს, გულით კი არა, ვინაიდან ბოლომდე არ სწამს!

ასე რომ, მშვიდად ბრძანდებოდეთ, ბატონებო. ლელა კაკულიას სახით ქართულ ეკლესიას წიაღში `ძე ცთომილი~ კი არ ჰყავს, არამედ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი.

და თუ ვინმეს ამისა არ სწამს, ეს მისი პირადი პრობლემაა.

 

უღრმესი პატივისცემით, ირმა გელაშვილი

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top